თბილისის მთავრობის სხდომა აქციის ფონზე დაიწყო. მერიასთან შეკრებილი ტაქსის მძღოლები კახა კალაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომელიც მანქანების თეთრად გადაღებვას და ტექდათვალიერების წელიწადში ორჯერ გავლას გულისხმობს.
ტაქსის მძღოლები აცხადებენ, რომ მათი ავტომობილები ლიზინგით აქვთ გამოყვანილი, ხოლო მფლობელები მათ მანქანების გადაღებვის უფლებას არ აძლევენ. მათი თქმით, ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფილი მოქალაქეებისთვის დამატებითი რეგულაცია კიდევ უფრო ართულებს მათ მდგომარეობას.
"მანქანები გვყავს ლიზინგით, არ გვაქვს შეღებვის უფლება და ქალაქში ტაქსი არის 80% ამ მდგომარეობაში, ამიტომ ვითხოვთ გაგვანებონ თავი. ხარჯებთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი,"-ამბობს ტაქსის მძღოლი გიორგი ბერიკაშვილი.
მძღოლები ამბობენ, რომ წესრიგის წინააღმდეგი არ არიან. ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ ავტომობილები გამართული უნდა იყოს, მაგრამ ითხოვენ, რომ ან ალტერნატიული დასაქმების წყარო შეიქმნას, ან მისცენ მათ უფლება თავად ირჩინონ თავი.
”საქართველოში სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა უფლებების კომიტეტის” პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ დედაქალაქის მერს კონკრეტული გეგმა აქვს. მამისა ჯაფარაშვილი ამბობს, რომ კახა კალაძე მისთვის მისაღები ტაქსის კომპანიის შემოყვანას აპირებს. ტაქსის მძღოლებს კი ისეთ რეგულაციებს უწესებს, რომ მათ მუშაობა ვეღარ შეძლონ და ბაზარი გაათავისუფლონ.
"ვიცით რა ნაღმი არის ჩადებული. ერთბაშად რომ უთხრას ქალაქის მერმა, რომ თქვენ ტაქსისტებმა თავი უნდა დაანებოთ და მარტო ჩვენი ტაქსები უნდა შემოვიყვანოთ, მაშინ ეს ხალხი შეიძლება აუჯანყდეს. ამიტომ ისეთი რეგულაცია შემოდის, რომ თანდათან დაანებებინებს თავს და ამ ბიზნესსაც ხელში ჩაიგდებენ,"-ამბობს ჯაფარაშვილი.
დედაქალაქის მერის მოადგილე ამბობს,რომ შეხვედრის წინაარმდეგი არ არის. თუმცა ირაკლი ხმალაძე ამბობს, რომ რეფორმა დროულია და მისი გადავადების აუცილებლობას ვერ ხედავს. ხმალაძე ამბობს, რომ რეფორმის შემუშავების პროცესში მათ რეგულაციები ისე გაწერეს, რომ არცერთ ტაქსისტს გამოუვალი მდგომარეობა არ შექმნოდა.