17 ნოემბერი 2024,   14:29
ვრცლად
ხარვეზებით განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები - საგამოძიებო სამსახურმა ფოთის მერიიდან დოკუმენტაცია ამოიღო

ფოთის მერიაში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შევიდა. უწყებამ მალთაყვის სანაპირო ზოლის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტები ამოიღო. საქმე ეხება მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროექტს.

უწყება აღნიშნული საკითხით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აუდიტის სამსახურმა დასკვნა მოამზადა. დასკვნის თანახმად, ფოთში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები და სანაპირო ზოლის რეაბილიტაციის პროექტი ხარვეზებითა და უხარისხოდ განხორციელდა, ამისთვის კი ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაიხარჯა.

ოპოზიცია ამბობს, რომ ქალაქში ყველა პროექტი უხარისხოდ ხორციელდება და უწყების ამ საკითხით დაინტერესება მოსალოდნელი იყო. ისინი პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ.

„საფინანსო პოლიცია რომ მოვიდოდა და შემდგომ ეტაპებსაც რომ შეამოწმებდა, ეს იყო მოსალოდნელი, რა თქმა უნდა. ხალხის ფულით შევსებულ ბიუჯეტს ასე რომ გაფლანგავს ხელისუფლება, იმან ნამდვილად უნდა აგოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა,“ - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ფოთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დარეჯან ცხვიტარია.

ფოთის მერიაში კი აცხადებენ, რომ მალთაყვის სანაპირო ზოლზე სამშენებლო ხარვეზები იყო და სწორედ ამ მიზეზით ფირმას ხელშეკრულება შეუწყდა.

„შემოვიდა წერილი და შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილება იყო, თან ახლდა სასამართლო გადაწყვეტილება, მალთაყვის სანაპირო ზოლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, ბულვარის მშენებლობის დოკუმენტაციის ამოღებაზე. შესაბამისად, ჩვენ როგორც კანონი ითხოვს, შევასრულეთ ეს დავალება და წარვუდგინეთ მათ ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც დაკავშირებული იყო ამ მშენებლობასთან. ეს მრავალწლიანი შესყიდვა იყო და გაგრძელდა 2 წლის მანძილზე, მაგრამ  ჯეროვნად ვერ შეასრულა ამ ორგანიზაციამ ნაკისრი ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით და ჩვენ ვალდებული ვიყავით და კანონი ამის უფლებას გვაძლევს, რომ შევწყვიტეთ  მათთან ხელშეკრულება,“ - განაცხადა ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვასილ თოდუამ.

ავტორი: სოფო ჭულუხაძე 

დღის ამბები