თბილისში, საკანდელიძის 21 ნომერში მცხოვრებლები მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ. კორპუსს კომპანია „მეტრა დეველოპმენტი“ აშენებს.
მოსახლეობის თქმით, ადგილზე სადაც, მშენებლობაზე ნებართვა თბილისის მერიამ გენგეგმის დამტკიცებამდე ერთი დღით ადრე გასცა, მეწყრული ჩანასახებია. ადგილობრივების განმარტებით, მშენებლობის დაწყება საშიშროებას წარმოადგენს. ადგილობრივი მცხოვრებლები კახა კალაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
„კომპანიამ უკვე მიიღო ნებართვა პირველ ეტაპზე მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობაზე, რაც ნიშნავს, რომ მომავალი 3-4 წლის განმავლობაში ეს ტერიტორია, ეს ეკოგარემო სამშენებლო პოლიგონად უნდა გადაიქცეს, რაც ნიშნავს, რომ მომავალი წლების განმავლობაში აქ უნდა იაროს მძიმე ტექნიკამ. ეს გამოიწვევს მძიმე სატრანსპორტო პრობლემებს,“ - განაცხადა საკანდელიძის 21 ნომერში მცხოვრებმა, ბეთო ბოგვერაძემ.
საკანდელიძის ქუჩის მცხოვრებლების მოთხოვნებს თბილისის მერიაში უპასუხეს. დედაქალაქის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, გენერალურ გეგმასთან „მეტრა პარკის“ მშენებლობას კავშირი არ აქვს, რადგან განაშენიანების რეგულირების გეგმა რამდენიმე წლის წინ დამტკიცდა. ხმალაძის განმარტებით, განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად გაიცემა ნებართვები.
თბილისის ვიცე-მერის ინფორმაციით, მოსახლეობას დეველოპერთან სამართლებრივი დავა აქვს დაწყებული და გადაწყვეტილებაც სამართლებრივი გზით მიიღება.