19 ნოემბერი 2024,   09:32
ვრცლად
რის გამო აშანტაჟებდით ივანიშვილს თანამდებობიდან წასვლით? იქნებ იუსტიციის სამინსიტროს ვუწოდოთ „თეა“ - ოპოზიციის მწვავე კრიტიკა წულუკიანს

რატომ აშანტაჟებდა ივანიშვილს და რატომ უყენებდა ულტიმატუმს თეა წულუკიანი საქართველოს პრემიერს - დღეს ამ კითხვაზე პასუხის მოსმენა სურდა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კითხვას სხვაგვარი ფორმულირება მისცა. მან მინისტრს ჰკითხა, რას ეხებოდა სადაო საკითხი.

„გაურკვევლობა იყო სამთავრობო გუნდში თქვენს დამოკიდებულებასთან დაკავშირებით, კონკრეტულ საკითხზე, რომელი საკითხიც არ გახმოვანდა, ხომ არ შეგიძლიათ დღეს გვითხრათ ხომ არ შეეხებოდა იმ საკითხებს რომელიც საპარლამენტო განხილვის სფეროშიც შედის?“-მიმართა მდინარაძემ წულუკიანს.

წულუკიანმა მდინარაძეს მოგვიანებით უპასუხა, როგორც მინისტრი აცხადებს, სადაო საკითხი არ უკავშირდებოდა არანაირ საკანონმდებლო ინციატივას და არც სასამართლო რეფორმას. თუმცა, წულუკიანს არ უსაუბრია, კონკრეტულად რას ეხებოდა ულტიმატუმი.

„პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ მას უთხრა, რომ ასე სჯერა რომ იუსტიციის მინისტრს მოსწონდა  „მოსამართლეების ავადსახსენებელი სია“ ან ის კანონპროექტი სასამართლოების შესახებ, რომელიც დღეს პარლამენტში პირველ მოსმენაზე გავიდა.

„როგორც მინისტრს გეკითხებით, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ამ საკითხში თქვენი, როგორც იუსტიციის მინისტრის პასუხისმგებლობა,“- ჰკითხა მინისტრს ადა მარშანიამ.

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მინისტრს ჰკითხა, რატომ არ თვლის საჭიროდ საზოგადოება ჩაეყენებინა საქმის კურსში, რა საკითხთან დაკავშირებით ემუქრებოდა პრემიერს.

"როცა სასამართლო რეფორმა ჩააფლავეთ, ან როცა სტრასბურგში სია ჩაგივარდათ მოსამართლეების, არცერთ შემთხვევაში თქვენ სურვილი არ გაგჩენიათ თანამდებობა დაგეტოვებინათ. ალბათ, უფრო სერიოზული მოხდა, რადგან ღია ეთერი გამოიყენეთ და პირდაპირი შანტაჟი დაიწყეთ, უნდა განგემარტათ მიზეზები რის გამო აშანტაჟებდით ივანიშვილს თანამდებობიდან წასვლით,“-მიმართა მინისტრს ირმა ნადირაშვილმა.

"იქნებ იმსჯელოს პარლამენტმა და იუსტიციის სამინსიტროს ვუწოდოთ „თეა“, ისე როგორც ნაზარბაევის სახელი უწოდეს ქალაქ ასტანას - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წულუკიანმა საკუთარ მოხსენებაში იმდენ მიღწევაზე ისაუბრა, რომ ის იმსახურებს იუსტიციის სამინისტროს მისი სახელი ერქვას. გარდა ამისა, გოცირიძემ მინისტრს ჰკითხა, რატომ არ ეძლევათ პატიმრებს „რუსთავი2“-ის ყურების შესაძლებლობა.

რომან გოცირიძის რეპლიკას პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - მრეწველების” თავმჯდომარე სიმონ ნოზაძემ უპასუხა, მისი თქმით, ნაზარბაევი ყაზახეთი დემოკრატიის რელსებზე დააყენა და მისი გადადგომაც დემოკრატიის დამადასტურებელია.

ამავე თემაზე
დღის ამბები