17 ნოემბერი 2024,   14:25
ვრცლად
ქობულეთის ფიჭვნარის გასხვისება - სუს-ი სავარაუდო კორუფციულ გარიგებას იკვლევს

ქობულეთის გამწვანებულ სანაპირო ზოლში სამი ჰექტარი მიწის გასხვისების დეტალებს, სადაც ცათამბჯენის მშენებლობა უნდა მიმდინარეობდეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლები სწავლობენ. დოკუმენტაცია სასამართლოს განჩინებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქობულეთის მერიიდან უკვე ამოიღო და ახლა მას გამომძიებლები ამუშავებენ.

სადავო ტერიტორია აჭარაში ზურაბ პატარაძის საქმიანობის დროს გასხვისდა. ამჟამად იქ სამშენებლო პროცესი არ  მიმდინარეობს. კომპანია „კრისტალ ბილდინგი“ კი გრანდიოზულ მშენებლობას და 200 მილიონი დახარჯვას აანონსებდა.

ქობულეთის ფიჭვნარის 3 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, სადაც უნიკალური მიკროკლიმატია, კომპანია „კრისტალ ბილდინგმა“ 2 წლის წინ აუქციონზე შეიძინა. გამწვანებულ ზონაში  ცათამბჯენი უნდა აეშენებინათ. სამშენებლო სამუშაოებისთვის კომპანიამ მისი კუთვნილი 3-ის ნაცვლად ოთხ ჰექტრამდე ფართი ისე შემოღობა, რომ მიწის ნაწილი მას არ ეკუთვნოდა.

მოგვიანებით მოსაზღვრე რამდენიმე ათასი კვადრატული მეტრი აჭარის მთავრობამ კომპანიას ქობულეთის მუნიციპალიტეტის გავლით გადასცა. საკრებულომ საბოლოოდ მიწა ქართულ-აზერბაიჯანულ კომპანიას მიაკუთვნა.

„კურიერის“ ინფორმაციით, სუს-ი ქობულეთში შესყიდვებით აჭარიდან ზურაბ პატარაძის წასვლის და თორნიკე რიჟვაძის დანიშვნის შემდეგ დაინტერესდა.

კომპანიაში არ ადასტურებენ, რომ სუს-ში გამოძიება სახელმწიფო ქონების გასხვისების საკითხით არის დაინტერესებული. თუმცა ამ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

ოპოზიციის მტკიცებით, ქობულეთის ფიჭვნარის ოთხი ჰექტარი კორუფციული შეთანხმებით გაყიდეს.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

 

დღის ამბები