უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მხარდაჭერა უზენაესი სასამართლოს კლანისთვის გადაცემას ნიშნავს - სამოქალაქო სექტორში აცხადებენ, რომ ამ ცვლილებით დამოუკიდებელი სასამართლოს იდეა საბოლოოდ დასამარდება.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ არაერთ კითხვაზე პასუხებს ითხოვენ. მათი თქმით, არსებული კანონპროექტის მიღება ქვეყანაში დიდი ხნით გახდის ხელმიუწვდომელს სამართლიან სასამართლოს.
„კანონპროექტის მხარდაჭერა და ის პოზიცია, რომელიც 89 დეპუტატმა გამოხატა, სამწუხაროდ კიდევ უფრო გვაახლოებს იმ მომენტთან, რაც ნიშნავს ბოლო ინსტანციის სასამართლოს ჩაბარება კლანისთვის. ეს პრაქტიკულად არის ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ამ ქვეყანაში სამართლიან სასამართლოზე უარის თქმა,“-აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი, სოფო ვერძეული.
არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარე გიორგი მშვენიერაძე აცხადებს, რომ იმ სავალალო შედეგზე, რომელსაც ამ კანონპროექტის მხარდაჭერა მოიტანს, პასუხისმგებლობა იმ 89 დეპუტატს ეკისრება, რომლებმაც ამ კანონპროექტს მხარი დაუჭირეს.
„ქართულმა ოცნებამ" ღიად დაგვანახა, რომ მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ კლანთან პირიქით, ისინი არიან კლანის მხარდამჭერები“-განაცხადა მშვენიერაძემ.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ბენიძე კი ამბობს, რომ კლანის გაძლიერებას ხელს “ქართული ოცნება“ უწყობს. მისი განცხადებით, არსებული კანონპროექტი არ ცვლის კლანურ მმართველობას, ის ფუთავს კლანისთვის ხელშეწყობას და ისე წარმოაჩენს მას, თითქოს მოსამართლეებს რაღაც კრიტერიუმებს უწესებს.