ეს ხელისუფლება გადაყვება ამ მასშტაბის უსამართლობას - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებულების ახლობლებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა სასამართლოს გადაწყვეტილება გენერალურ პროკურატურასთან გააპროტესტეს.
ფარული ჩანაწერების საქმეზე ბრალდებულთაგან ოთხი პირი გუშინ სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. საქმეზე სულ 18 პირია ბრალდებული.
აქციას შეუერთდნენ „გირჩის“ წარმომადგენლები და აქტივისტები. ისინი შერჩევით სამართალზე საუბრობენ.
„ერთ-ერთი ვერსია, რომელიც განიხილებოდა იყო ის, რომ ხელისუფლებამ ხომ არ გაავრცელა კადრები. ამ ეჭვის მოცილების მიზნით, მათ გადაწყვიტეს, რომ დაეხატათ სურათი,რომ ჩვენ როგორ გავავრცელეთ, აი, ვიჭერთ მათ ვინც ავრცელებენ.
ხელში მოჰყვათ პოლიტიკური აქტივისტები და რამდენიმე ისე ადამიანი. 16 ადამიანი შეიძლება გაუსვან ოთხიდან ექვს წლამდე ციხეში, რაც არის სრული სიგიჟე.
შეუძლებელია ამ ქვეყანაში ასეთი მასშტაბის უსამართლობა რომელიმე ხელისუფლებას გაუვიდეს, გადაჰყვებიან ამ ამბავს“-ამბობს "გირჩის" პოლიტსაბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე.