17 ნოემბერი 2024,   14:50
ვრცლად
მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, როგორც საოკუპაციო ძალას, მოხსნას ყველა დაბრკოლება დამნაშავეთა დასასჯელად - ასოცირების კომიტეტი

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მიიღებენ დოკუმენტს, რომელშიც ოკუპირებულ რეგიონებში საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების შესახებ არის საუბარი. დოკუმენტის პროექტში ასევე საუბარია ოკუპირებულ გალში, რუსულ სამხედრო ბაზაზე საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილ ირაკლი კვარაცხელიაზეც

კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც საოკუპაციო ძალას მოხსნას ყველა დაბრკოლება, რათა გამოძიება დასრულდეს. 

„ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი გმობს საქართველოს მოქალაქეების დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობებს სოხუმსა და ცხინვალში. გამოხატავს განსაკუთრებულ შეშფოთებას ახლახან მომხდარი, კიდევ ერთი ქართველი, იძულებით გადაადგილებული პირის, ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალების გამო, ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში, რუსულ სამხედრო ბაზაზე.

"კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, როგორც საოკუპაციო ძალას, მოხსნას ყველა დაბრკოლება დამნაშავეთა პასუხისგებაში მისაცემად“-ნათქვამია დოკუმენტის პროექტში.

დოკუმენტის პროექტი 41 პუნქტისგან შედგება და ყველა აქტუალურ საკითხზეა საუბარი, მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნებზე და ეუთო-ს საბოლოო დასკვნაზე.

“ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი შეშფოთებულია ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების, ამომრჩევლებზე ზეწოლისა და დაშინების შემთხვევების, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი ძალადობრივი ინციდენტებისა და სამოქალაქო საზოგადოებაზე სიტყვიერი შეტევების გამო. აღნიშნავს, საქართველოს ხელისუფლების მიერ ნაკისრ ვალდებულებას განახორციელოს ეუთო-ს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები და გადახედოს შესაბამის კანონმდებლობას გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად მომავალი არჩევნების გაუმჯობესების მიზნით.

„კომიტეტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების გამჭვირვალობა, მთლიანობა და ეფექტურობა გადამწყვეტია. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააძლიეროს ჩატარებული რეფორმები, ასევე დაასრულოს და განახორციელოს სასამართლოს რეფორმის მე -4 ტალღა. ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი მოუწოდებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის მიმდინარე პროცესი ჩატარდეს მკაფიო და ობიექტური კრიტერიუმების დაცვისა და კონკურენტუნარიანი პროცესის საფუძველზე; შეგახსენებთ, რომ მედიის თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებებია და რომ, ძლიერი და პლურალისტური მედია გარემო, რომლიც აზრთა მრავალფეროვნებას სთავაზობს, საქართველოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს,”- წერია დოკუმენტში.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მერვე სხდომა სტრასბურგში 27-28 მარტს გაიმართება. ამ შეხვედრის შემდეგ ქართველი და ევროპელი დეპუტატები ერთობლივ განცხადებას და რეკომენდაციას მიიღებენ.

დღის ამბები