17 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ მის შესახებ ცრუ ინფორმაცია იმავე ოფისიდან გავრცელდა, საიდანაც TBC ბანკზე კიბერთავდასხმა განხორციელდა

TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ ბანკის სისტემაზე კიბერთავდასხმა და მისი პიროვნების შეურაცხმყოფელი გზავნილები, ერთი და იმავე ოფისიდან ვრცელდებოდა.

საუბარია, რუსთაველის 12 ნომერში, კავშირგაბმულობის ყოფილ შენობაზე - TBC ბანკის უსაფრთხოების სამსახურმა დაადგინა, რომ ბანკზე კიბერთავდასხმა სწორედ ამ მისამართიდან განხორციელდა.

ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ ამავე ოფისიდან მოქალაქეების წინააღმდეგ მორალურ ტერორს ყალბი ფეისბუკ ანგარიშებით აწარმოებდნენ. ბიზნესმენი ვარაუდობს, რომ მისი პიროვნებისა და TBC ბანკის მიმართ ყალბი ინფორმაციის გავრცელება ამავე მისამართებიდან ხდებოდა.  

მამუკა ხაზარაძე თიბისი-ის სურათის შედეგი"ეს არის მისამართები, რომლებიც ჩვენ აღმოვაჩინათ. არ გამოვრიცხავ (რომ ამავე ოფისიდან ვრცელდებოდა ცრუ ინფორმაცია მის შესახებ). ამას ალბათ, გამოძიება დაადგენს"-აცხადებს ხაზარაძე. 

ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებლის განცხადებით, ზაფხულში TBC ბანკის სისტემაზე თავდასხმის ადგილი, IP მისამართი, ასევე ქუჩა და შენობა, სადაც კიბერთავდამსხმელების ჯგუფი თავდასხმებს ახორციელებდა, TBC ბანკის საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს და სრული ინფორმაცია შს სამინისტროს მაშინვე გადაეცა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან გახარიას უწყებას 5 წერილი მისწერა, ასევე პირადად შს მინისტრთან გააგზავნა წერილი,  სადაც დეტალურად იყოს საუბარი კიბერთავდასმის შესახებ.   

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან არ იცის რა ეტაპზეა გამოძიება. მისი თქმით, მისთვის არც დანიშნული სხვადასხვა ექსპერტიზების შედეგები გამხდარა ცნობილი. ხაზარაძე ამბობს,რომ ის გამოძიების დასრულებას მაინც დაელოდება. 

"როცა მოხდა ზაფხულში ჩვენს ბანკზე კიბერშეტევა, მე ვთქვი ერთხელ პარლამენტში, ახლაც ვიმეორებ, ჩვენმა საინფორმაციო უსაფრთხოების სამსახურმა, იცით,რომ 400 კაცზე მეტი მუშაობს, უნიჭიერესი ახალგაზრდები ამ მიმართულებით, აღმოაჩინეს არამარტო სიგნალი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს იყო ძალიან სერიოზული კიბერშეტევა, აღმოვაჩინეთ მისამართები, აიპის მისამართი, ქუჩის მისამართი, ოფისის მისამართი და ჩვენ ეს ინფორმაცია იმ წუთშივე გადავეცით შს სამინისტროს. ვერ გეტყვით გამოძიება რა ეტაპზეა გამოძიება, როცა იქნება შედეგები შეგატყობინებთ,“-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

რუსთაველის 12 ნომერში მდებარე ოფისი, საიდანაც კიბერთავდასხმა ხორციელდებოდა "ქართული ოცნების" პიარსამსახურის ხელმძღვანელს, კოკა ყანდიაშვილს ჰქონდა ნაქირავები, ამ ინფორმაციას შენობაში მომუშავე პირებიც ადასტურებენ. როგორც დღეს შს მინისტრის მოადგილემ განაცხადა, კიბერთავდასხმაზე გამოძიება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც რუსთაველის 12 ნომრიდან კომპიუტერები ამოღებულია. თუმცა, ნათია მეზვრიშვილის თქმით, გამოძიებას კოკა ყანდიაშვილი არ გამოუკითხავს. 

დღის ამბები