17 ნოემბერი 2024,   14:56
ვრცლად
სროლა გურიაში - შსს-თვის ცნობილია პირი, ვინც ოზურგეთში საპატრულო ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა

სროლა გურიაში - სამართალდამცავებისთვის ცნობილია პირი, ვინც ოზურგეთში საპატრულო ეკიპაჟს ცეცხლი გაუხსნა. გახარიას უწყება სავარაუდო ბრალდებულის დაკავებაზე მუშაობს. შეიარაღებული თავდასხმა ორი დღის წინ სოფელ ძიმითში მოხდა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ავტომანქანა გადამოწმების მიზნით გააჩერა, მგზავრმა კი პოლიციის მიმართულებით გაისროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

ავტომობილი, რომელსაც ნატყვიარი ეტყობა, სამხარეო პოლიციის ეზოშია გადატანილი. გასროლის შედეგად სამართალდამცავები არ დაშავებულან.

საპატრულო პოლიციაში მომხდართან დაკავშირებით არ საუბრობენ. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ სოფლის ცენტრში გვიან ღამით გასროლის ხმა გაიგეს, თუმცა, დეტალებზე საუბარი უჭირთ.

„როგორც ხალხი ამბობს, საღამოს პატრულის თანამშრომლები ამოვიდნენ და გააჩერა მანქანა გადამოწმების მიზნით, მე ასე ვიცი და მოქალაქემ აუტეხა სროლა, ერთმა, მანქანიდან. სამნი იყვნენ. მერე გაიქცა, დაჭერილი არ არის, როგორც ვიცი,“ - ამბობს ადგილობრივი.

საქმე ორი მუხლითაა აღძრული, რაც ძალოვანი უწყების თანამშრომელზე თავდასხმას და იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

 

ავტორი: სოფო ჭულუხაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები