17 ნოემბერი 2024,   14:59
ვრცლად
ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ალექსანდრე ახალკაცი პოლიციას ცემაში ადანაშაულებს

2012 წელს ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული ალექსანდრე ახალკაცი პოლიციას ძალადობაში ადანაშაულებს. ახალკაცი ამტკიცებს, რომ სამართალდამცველებმა ის ზურაბ ჟვანიას მოედანზე სასტიკად სცემეს. მან "კურიერთან" ჟვანიას ქუჩაზე გუშინ მომხდარი ინციდენტი დეტალურად გაიხსენა.

ახალკაცის თქმით, გუშინ ვანიას მოედანზე ტაქსით იმყოფებოდა, ბანკომატთან გადავიდა,  უკან დაბრუნებულმა კი დაინახა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ტაქსის მძღოლს აჯარიმებდა. ის „კურიერთან“ ყვება, რომ სამართალდამცველს სთხოვდა, რომ მძღოლისთვის ჯარიმა არ დაეწერა და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოფარგლულიყო.

მისი განცხადებით, მეორე სამართალდამცველმა აგრესიულად დაუწყო საუბარი თუ რა საფუძვლით ერეოდა მძღოლისა და პატრულის ურთიერთობაში. ალექსანდრე ახალკაცის თქმით, ამ პატრულის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა და სხეულზე სხვადასხვა დაზიანებაც აქვს.

ახალკაცის თქმით, მას შემდეგ, რაც უფლებამოსილების გადამეტების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიაწოდა, საპატრულო პოლიციამ მას ტელეფონი წაართვა და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. ამ წუთებში ახალკაცს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში შემოწმება უტარდება.

„მე გენინსპექციას ვესაუბრებოდი ასეთი ტექსტებით, რომ ეს უსინდისო თანამშრომლები როდემდე უნდა გყავდეთ. ეს იყო ჩემი პირდაპირი და სრული შეფასება მის საქციელზე. მადლობა უნდა თქვას, უსინდისოდ რიომ შემოვიფარგლე და უარესები არ ვთქვი. ეს არის ჩვეულებრივი კრიმინალი. ეს არ არის სამართალდამცავი. გამომართვა ტელეფონი. წამგლიჯა ხელიდან. გათიშა გენინსპექცია. გენინსპექციის თანამშრომელი მეკითხება, რომ სახელი და გვარი ჰკითხე. თვითონაც ესმის.

„ვეუბნები, რომ სახელი და გვარი თქვენი, გენინსპექციის თანამშრომელია. ბოდიში ამ სიტყვებზე და „სულ ფეხებზე მკიდია“, არ მაინტერესებსო. გამითიშა ტელეფონი და ჩამტენა მანქანაში. გამოვარდა, გამოგლიჯა კარები ამ ზვიადმა და მეუბნება, ტელეფონი მომეცი. ვეუბნები, პატივცემულო, თუ დაჭერილი ვარ, მოგცემთ. მითხარი, რომ დამაკავეთ უკვე. ავტომობილში კი ვზივარ, მაგრამ ჯერ დაკავებული ვარ თუ არა, არ ვიცი. შენი საქმე არ არისო. ტელეფონი გავწიე, ეს გადმომწვდა., ტელეფონს მართმევდა, თან მეორე ხელით ფერდში მირტყამდა. დაზიანებები მაქვს,“ - განაცხადა ალექსანდრე ახალკაცმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „კურიერს“ განუცხადეს, რომ ახალკაცის სატელეფონო შეტყობინებასთან დაკავშირებით დაწყებულია სამსახურებრივი მოკვლევა. უწყების ცნობით, ალექსანდრე ახალკაცი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ორი მუხლით დააკავეს. შსს-ის ინფორმაციით, გუშინ, როდესაც პატრული მძღოლს აჯარიმებდა, ის ნასვამ მდგომაროებაში იყო და სამართალდამცველისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდა.

უწყების ცნობით, სამხრე კამერების ჩანაწერებში ახალკაცის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის და ძალადობის ფაქტი არ ფიქსირდება. ახალკაცის ინფორმაციის კი, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა პროცესზე, სადაც მისი ადმინისტრაციული დარღვევის განხილვა მიმდინარეობდა, სამხრე კამერების ჩანაწერები ვერ წარადგინეს და პროცესი 4 აპრილამდე გადაიდო. 

 

დღის ამბები