ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გვიან ღამით შეწყვიტეს. ეს გადაწყვეტილება მათ მას შემდეგ მიიღეს, რაც ცნობილი გახდა რომ ექიმ ეკა ფუტკარაძეს უფლებამოსილება დროებით შეუწყდა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები მთელი დღის განმავლობაში აწყობდნენ აქციებს. მთავარი მოთხოვნა მკურნალი ექიმისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა იყო. საღამოს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოსთან გზის გადაკეტვის შემდეგ მელანო ფუტკარაძის ოჯახის წევრები ბათუმის შესასვლელისაკენ გაემართნენ და გადაკეტეს ცენტრალური მაგისტრალი. პოლიციამ რამდენჯერმე სცადა სავალი გზის გათავისუფლება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. გვიან ღამით გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ.