ხმაური და დაპირისპირება პოლიციასა და ადგილობრივებს შორის ჭავჭავაძის ქუჩაზე - მოსახლეობის პროტესტი სტუდქალაქის ტერიტორიაზე, 2 ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებას მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალგაზრდები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გააჩერეს და მათი შემოწმება გადაწყვიტეს.
პოლიციელებს ეჭვი ნარკოტიკების შეძენა-შენახვაზე ჰქონდათ, თუმცა ახალგაზრდებმა სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც ისინი დააკავეს.
ამის შემდეგ, ადგილზე უკვე საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და გაჩხრიკეს ის ავტომობილიც, რომლითაც ახალგაზრდები გადაადგილდებოდნენ.
„ეს ხდება ყოველდღიურად აქ. იმიტომ რომ გასაქანს აღარ აძლევენ ამ ბიჭებს. ქუჩაში რომ გამოხვალ შმონი და არის ერთი ამბავი. ეს გვინდა რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ეს ამბავი. ხო არ შეიძლება რამდენჯერაც მოუნდებათ, იმდენჯერ შემოცვივდნენ, გაჩხრიკონ და უბედურება. 24 საათი ეს არ უნდა ხდებოდეს,“ - განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებელმა.
შემთხვევის ადგილზე ვითარების გასაცნობად მივიდა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის” თავმჯდომარე, ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე.
„მე დამირეკა მოსახლეობამ, მაცხოვრებლებმა და მოვედი იმიტომ, რომ გავერკვე რა მოხდა და რაც მთავარია, პოლიციას უნდა მიეცეს თავისი ფუნქციის განხორციელების საშუალება“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.