პოლიტიკურმა გაერთიანებამ “კანონი და სამართალი” 5-პუნქტიანი ეროვნული ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. პარტიის წევრებმა ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ მწვავე პრობლემებზე, მათ შორის: ბიზნესზე ზეწოლის, კორუფციის ზრდისა და მედიასაშუალებების მიმართ განხორციელებულ ტერორზე.
პარტია “კანონი და სამართალი” ადგილობრივ და უცხოელ ექსპერტებთან ერთად რეგიონული განვითარებისა და ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ გეგმაზე მუშაობს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს ორშაბათს წარუდგენს.
„გავაკეთეთ დაპირებული ანტიკრიზისული გეგმა, ხუთ პუნქტიანი, რომელსაც ორშაბათს შევთავაზებთ საკანონმდებლო ორგანოს. ჩვენ გუნდს აქვს შესანიშნავი პროგრამა, ასე ვთქვათ, გრაფიკული, როგორ მივეშველოთ იპოთეკარებს, რომელშიც მთელი საქართველოა პრაქტიკულად ჩაძირული და ეს წარმოუდგენელი ვითარება არის, მაგრამ ეს ყველაფერი არ გაკეთდება, თუ ჩვენ სასწრაფოდ არ გავაკეთეთ ანტი კორუფციული გეგმა,“- განაცხადა პარტია „კანონი და სამართალის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა.
პარტიის წევრის ირაკლი ღლონტის განცხადებით, აუცილებელია ქვეყანაში ანტიკორუფციული ბიუროს შექმნა, რომლის პასუხისმგებლობაც კორუფციასთან ბრძოლა იქნება. მან ასევე, მოთხოვნათა შორის ოპოზიციური პარტიების მიერ გენერალური პროკურორის დანიშვნის უფლებამოსილებაზეც ისაუბრა.