"16 ქალი ცვლილებისთვის"- ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით ახალგაზრდა ქალი დოკუმენტალისტების მიერ 16 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, საქართველოში მცხოვრებ ქალებზე შეიქმნა.
ფილმების ჩვენება დღეს მულტიმედია განათლების ცენტრში მოეწყო. პროექტის მონაწილეების თქმით, გადაღებების დროს მათ კიდევ უფრო კარგად გაითავისეს, რა პრობლემების წინაშე დგანან ქალები საქართველოში.
"ეს არის 16 ახალგაზრდა ქალის დოკუმენტური ნაშრომი ასევე 16 ქალზე,რაც ნათლად გამოხატავს იმას, რომ საქართველოში კინოხელოვნება განვითარებულია და იმედი მაქვს, რომ 16 ახალგაზრდა დოკუმენტალისტი კიდევ უფრო დიდ წვლილს შეიტანს კინო ინდუსტრიის განვითარებაში. რამდენიმე ფილმი უკვე წარდგენილია საერთაშორისო კინოფესტივალზე და წარმატებებს ვუსურვებ მათ," - განაცხადა ელიზაბეთ რუთმა.
პროექტ ”16 ქალი ცვლილებისთვის” მონაწილემ ქრისტინე ჯანგიევიმ თავის პერსონაჟზე ისაუბრა, რომელიც მაღალ მთიან რაჭაში 85 წლის ასაკში მარტო ცხოვრობს.
„ჩემი პერსონაჟი ცხოვრობს მაღალ მთიან რაჭაში ლილი ჩაგელიშვილი, რომელიც ცხოვრობს მარტო და არის 85 წლის და ეს იმდენად რთულია, რომ როცა სოფელში თოვლი მოდის დიდი და მარტო უწევს ამ ყველაფერთან გამკლავება - მანდ მხოლოდ ამაში ჩანს, რომ ის არის ძლიერი და სწორედ ამიტომ ამ ფილმმა დამანახა, რომ ადამიანებს აქვთ საკუთარი სიძლიერე და ეს ყველაფერი მხოლოდ სიყვარულში ჩანს, რასაც ისინი გრძნობენ,“ -აცხადებს ქრისტინე ჯანგიევი.