მარნეულში ადგილობრივი საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რაგიმ ასკეროვის დაკავებას მისი ოჯახის წევრები იხსენებენ. რაგიმ ასკეროვის მამა ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა და ქრთამის აღების ბრალდებით დაკავება პროვოკაციაა.
„სახლში ვიყავი, პოლიციელები შემოვარდნენ და მითხრეს, შენი შვილი დავაკავეთ, სახლი უნდა გავჩრიკოთო. კი ბატონო, მეთქი. ბრალდება რომ გავიგე, გაოგნებული დავრჩი. ჩემი შვილი ქრთამს არასდროს აიღებდა, ეს ბრალდება აბსურდულია. დარწმუნებული ვარ, რომ პროვოკაციაა და ამას ასე არ დავტოვებ. არ დავუშვებ, უდანაშაულო შვილი ციხეში იჯდეს,“ - ამბობს დაკავებულის მამა.
რაგიმ ასკეროვი მარნეულში რამდენიმე საათის წინ დააკავეს და მისი სახლი გაჩხრიკეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ასკეროვი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. უწყება ავრცელებს ვიდეომტკიცებულებასაც.
გამოძიების მიხედვით, ასკეროვი მოქალაქეს 3 ათასი ლარის სანაცვლოდ ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას ჰპირდებოდა.
ბრალდებას არ ეთანხმება ადვოკატი, რომელიც აცხადებს, რომ ჩხრეკისას სახლიდან წაიღეს ისეთი ნივთებიც, რომელსაც გამოძიებასთან კავშირი არ აქვს. სწორედ ამის გამო, ასკეროვის ინტერესების დამცველი ამბობს, რომ ჩხრეკა დარღვევებით ჩატარდა.