ჯანდაცვის მინისტრს დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ელოდებიან. კანონმდებლებს სერგეენკოსთან კითხვები ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით აქვთ, თუმცა კანონმდებლები სოციალური მუშაკების პრობლემებით და ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებითაც დაინტერესდებიან.
საკითხის განსახილველად "ევროპული საქართველო" ჯანდაცვის კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევასაც ითხოვს. ფრაქციამ შესაბამისი წერილით უკვე მიმართა კომიტეტის თავმჯდომარეს.
„რაც შეიძლება სწრაფად გაიმართოს ამ საკითხზე მსჯელობა ჯანდაცვის კომიტეტში. იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც ბატონმა სერგეენკომ გააკეთა ორი კვირის წინ და იმ დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, რაც დღეს შეიქმნა, მიგვაჩნია, რომ როდესაც კრიზისი ამდენი დღე გრძელდება და ასეთი უნდობლობაა სამინისტროს მიმართ, პარლამენტი უნდა იყოს წამყვანი მოთამაშე ამ პროცესში,“-ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
დავით სერგეენკოს პარლამენტში მისვლას ითხოვენ საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრებიც.
„უნდა მოვიდეს მინისტრი, იმიტომ, რომ პასუხისმგებლობა ბუნებრივია მასზეა. მოვიდნენ ის ადამიანებიც და პარლამენტი მოისმენს ამ შეთანხმების შესახებ და არაფორმალურად ჩვენ კონტრაქტს გავაფორმებთ, რომ ეს პირობები შესრულდება. პირობების დარღვევის შემთხვევაში, უნდა მოხდეს პასუხისმგებლობებიც რა თქმა უნდა ,“-აცხადებს ლევან გოგიჩაიშვილი.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე ამბობს, რომ სოციალური მუშაკების მოთხოვნების შესრულება და პრობლემების მოგვარება, 2020 წლიდან იგეგმება.