16 ნოემბერი 2024,   18:38
ვრცლად
საქართველოს წარმომადგენელს სტრასბურგის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას, "რუსთავი2" აცილებას უცხადებს

საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ლადო ჭანტურიას, რუსთავი2 აცილებას უცხადებს. 

ამის შესახებ განცხადება სამაუწყებლო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე  გააკეთა. გვარამიას თქმით, ჭანტურია იღებს ინსტრუქციებს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს რუსთავი2-ის საქმეზე. 

სამაუწყებლო კომპანიას ევროპის სასამართლოს მოსამართლეების კომპეტენციასა და მიუკერძოებლობაში ეჭვი არ შეაქვს, თუმცა ეჭვი შეაქვს საქართველოს წარმომადგენელის მიუკერძოებლობაში, ამიტომ რუსთავი 2 მის აცილებას ითხოვს.

„მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის და ყურადღებისთვის, რომელსაც იჩენთ ჩვენი არხის მიმართ. ძალიან მოკლედ შევეხები იმას, რაც დღეს მოხდა. დღეს ჩატარდა პარტნიორთა კრება. მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა, მოთხოვნები აბსოლუტურად აბსურდულია. ამაზე პასუხი იქნა გაცემული, როგორც მენეჯმენტის, ასევე ტელეკომპანიის სხვა მფლობელების მიერ და თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ რუსთავი 2-ის საიტზე ატვირთული პარტნიორთა კრება, მაგრამ ეს არ არის ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი. სარჩელი, რომელიც შევიდა, აბსურდული რომ იყო, ჩვენ ამაზე თავიდანვე ვლაპარაკობდით და გარკვეულ მიზნებს რომ ისახავდა, ამაზეც, თუმცა, ბოლო დღის ინფორმაციამ, რომელიც ჩვენ მივიღეთ მაღალი სახელისუფლებო წრეებიდან, ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა ჩვენს დღის წესრიგში.

"ჩვენი უტყუარი ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენელს, მოსამართლეს სტრასბურგის სასამართლოში, ბატონ ლადო ჭანტურიას, აქვს კომუნიკაცია საქართველოს ხელისუფლებასთან და იგი იღებს ინსტრუქციებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, როგორ იმოქმედოს რუსთავი2-ის საქმეზე და მიმდინარეობს ორკესტრირებულად დაგეგმვა საქმესთან დაკავშირებული დეტალების. ეს სარჩელიც, რომელიც შესულია სასამართლოში, ემსახურება სწორედ ამ მიზანს და არის ამ სქემის ნაწილი. სქემის, რომელიც ლაგდება სტრასბურგში საქართველოს წარმომადგენლის თანამონაწილეობით. რატომ, ახლავე მოგახსენებთ.

"რამდენიმე დღის წინ იუსტიციის სამინისტროში გაჟონილი ინფორმაციით, ხელისუფლებაში, უფრო სწორად, გაჟონილი ინფორმაციით, რომელიც ლადო ჭანტურიამ მიაწოდა იუსტიციის სამინისტროს, შედგა რუსთავი2-თან დაკავშირებული გადაწყვეტილების პროექტის განხილვა სტრასბურგის სასამართლო კოლეგიის მიერ. პროექტი იქნა დაწუნებული და მიუბრუნდა უკან მომხსენებელს გარკვეული შენიშვნებით. ეს არის ინფორმაცია, რომელიც ჩვენთვის დაზუსტებით ცნობილია და ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილია იუსტიციის სამინისტროში არსებული წყაროების მხრიდან და საკუთრივ იუსტიციის სამინისტრომ ეს ინფორმაცია მიიღო ბატონი ჭანტურიას მხრიდან, რაც არის სამოსამართლო ეთიკის უხეში დარღვევა, რაც წარმოადგენს სტრასბურგის განაწესების უხეშ დარღვევას და ამ საფუძვლით ჩვენ აცილებას ვუცხადებთ ბატონ ლადო ჭანტურიას და მიგვაჩნია, რომ მისი თანამონაწილეობით ეს საქმე არ უნდა გადაწყდეს.

"ევროპული კონვენციით დადგენილია, რომ მოსამართლის აცილების საფუძველი არის არა დოკუმენტურად დადასტურებული მისი მიკერძოება, არამედ ის შემთხვევაც, როდესაც ის არ გამოიყურება ნეიტრალური საზოგადოების თვალში სათანადოდ მიუკერძოებლად. ლადო ჭანტურია რუსთავი2-თვის და ყველა იმ მაყურებლისთვის, რომელიც მხარს უჭერს რუსთავი2-ს, არ გამოიყურება სათანადოდ მიუკერძოებლად. შესაბამისად, ჩვენ მის აცილებას ვაცხადებთ, მათ შორის, იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ახლა მოგახსენეთ.

"რამდენიმე თვეა, მუსირებს ინფორმაცია, რომ სახელმწიფო მოიგებს ამ საქმეს. ჩვენ აქამდე ხმა არ ამოგვიღია იმიტომ, რომ პატივს ვცემდით სასამართლოს და არ გვინდოდა ამ სპეკულაციებზე აყოლა, მაგრამ ახლა დადასტურებული ინფორმაცია გვაქვს ბატონი ჭანტურიას და საქართველოს ხელისუფლების ურთიერთშეთანხმებული ქმედების და მათ შორის კოორდინაციის და ინსტრუქციების გაცვლა-გამოცვლის შესახებ.

"მთავარი მუშაობა, რომელსაც ბატონი ჭანტურია სასამართლოში აწარმოებს, ეხება დროებით ღონისძიებას. მთავარი ამოცანა არის დროებითი ღონისძიების მოხსნა იმდენად, რამდენადაც სხვა, ასე ვთქვათ, ნაწილში პარტნიორების დამარცხება პირადად ჩვენც მიგვაჩნია აბსოლუტურად შეუძლებლად. დროებითი ღონისძიების მოხსნისთვის საჭიროა რუსთავი2-ის სარჩელთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებების განხორციელება. ამ მიმართულებით მუშაობას ბატონი ჭანტურია ხელისუფლებასთან შეთანხმებით და პლუს ამ სქემის ნაწილია ის სარჩელი, რომელზეც ჩვენ გესაუბრეთ. სარჩელი, რომელიც არაფრის მთქმელი არ არის, მაგრამ სამაგიეროდ საბუთად მოჰყავს საქართველოს წარმომადგენელ მოსამართლეს, რომ კომპანია არის გაკოტრების წინაშე და, თუ დროებითი ღონისძიება არ მოიხსნება, მაშინ კომპანია გაკოტრდება და იგი ვერ გადარჩება და აგერ, ერთ-ერთი პარტნიორიც ამას ითხოვს. ეს არის, კიდევ ერთხელ ვამბობთ, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი სქემა, რომელშიც, სამწუხაროდ, მონაწილეობს სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე, კერძოდ კი საქართველოს წარმომადგენელი სტრასბურგის სასამართლოში.

„ჩვენ გვინდა, ყურადღება გავამახვილოთ, ყველას ყურადღება გავამახვილოთ, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არსებული ძალების, შემდეგზე. იმ ვითარებაში, თუ დროებითი ღონისძიება მოიხსნება, ვიდრე სამართლიანი სასამართლო არ გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას რუსთავი2-ის საქმეზე, დაიხურება არა მარტო რუსთავი2, არამედ დაიხურება ქვეყანა - სახელწოდებით საქართველო და დემოკრატია ამ ქვეყანაში აღარ იარსებებს. ეს იქნება მთავარი მიღწევა, რომელიც სურს ჩვენს წინააღმდეგ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ რუსთავი2 დაეხურა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა და, თუ იგი ამას მოახერხებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ხელით, ეს იქნება ძალიან სამწუხარო, როგორც ჩვენთვის, როგორც ამ ქვეყნისთვის, ასევე, მე ვფიქრობ, ევროპის სასამართლოსთვისაც.

"ჩვენ აბსოლუტურად არ შეგვაქვს ეჭვი ევროპის სასამართლოს მოსამართლეების  კომპეტენციასა და მიუკერძოებლობაში. ვისშიც შეგვაქვს ეჭვი, ეს არის საქართველოს წარმომადგენელი ევროპის სასამართლოში და ვაყენებთ მისი აცილების საკითხს. ჩვენ არ დავუშვებთ ამ ქვეყანაში არა რუსთავი2-ის დახურვას, არამედ დემოკრატიის ერთადერთი და უმთავრესი წყაროს დახურვას და ჩვენ არ დავტოვებთ ამ ქვეყანას ოლიგარქიული, ანტიდემოკრატიული, ავტოკრატიული რეჟიმის ხელში. ამისთვის ნებისმიერ გზას გამოვიყენებთ, მათ შორის, ვამხელთ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლესაც, რომლის შესახებაც გვაქვს უტყუარი ინფორმაცია," - განაცხადა ნიკა გვარამიამ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები