03 ოქტომბერი 2024,   19:34
ვრცლად
იარაღზე წვდომის წესები მკაცრდება

იარაღის ფლობის უფლების მოპოვების წესები მკაცრდება. იარაღის უკანონო ტარება კი მძიმე დანაშაულის კატეგორიაში  გადავა.

იარაღის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პრემიერ-მინისტრის  დავალებით შსს და იუსტიციის სამინისტროებმა ერთობლივად მოამზადეს და ის მთავრობის სხდომაზე დღეს დამტკიცდა. თეა წულუკიანის თქმით ეს არის რევოლუციური ცვლილებები, რომლებიც რამდენიმე მიმართულებით იქნება გამკაცრებული. 

ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე ვერავინ მოიპოვებს ნებართვას, თუკი ის წარსულში მსჯავრდებული იყო მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში.  

მისივე თქმით, ახალი ცვლილებების თანახმად, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე უფლებას ვერ მოიპოვებს პირი, რომელიც ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, იარაღის გამოყენებით ან ძალადობით არის ბრალდებული.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კანონში ამ სიის ჩამონათვალი იქნება.

ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების უფლებას ვერ მოიპოვებს ის პირი, რომელიც არის ადმინისტრაციული წესით სახდელდადებული ისეთ შემთხვევებში, როგორიც არის წვრილმანი ხულიგნობა, საჭესთან მთვრალ მდგომარეობაში ჯდომა, ან როდესაც პოლიციას გაუწია წინააღმდეგობა.

"ეს პირები, მიუხედავად იმისა, აქვთ მოხსნილი და გაქარწყლებული თუ არა ნასამართლობა, ვერ მიიღებენ ნებართვას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე, შესაბამისად, შს სამინისტროს სერვისების მომსახურების სააგენტო ამ კანონის ძალაში შესვლიდანვე გასცემს ახალი ტიპის ცნობებს, რომელიც არ იქნება ნასამართლობის ცნობა, არამედ ეს იქნება ცნობა მსჯავრდების შესახებ. ასეთ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ ექნება იმას, პირს აქვს მოხსნილი, გაქარწყლებული თუ არა ნასამართლობა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისივე თქმით, ცვლილებების თანახმად, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ თუკი პირი იქნა დეპორტირებული საზღვარგარეთიდან იმ მიზეზით, რომ საზღვარგარეთ ჩაიდინა სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაული, მას საქართველოში არ ექნება იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაზე უფლების მოპოვების საშუალება.

გარდა ამისა, როგორც მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, იარაღი უნდა იყოს დაშლილი, განმუხტულ მდგომარეობაში და სხვადასხვა თავისებურებებით შენახული.

"შენახვის წესების დარღვევა გამოიწვევს პირის ადმინისტრაციულ პასუხიმგებლობას. ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ ამიერიდან პირი, რომელიც უკანონოდ შეიძენს ან შეინახავს იარაღს, მაქსიმალურ სასჯელად, სამის მაგივრად, ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთას მიიღებს  ", - განაცხადა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ  "აქაც ჯარიმის სანქცია უქმდება და შემოდის თავისუფლების აღკვეთა არა 3-დან 5 წლამდე როგორც იყო, არამედ 4-დან 6 წლამდე, რასაც ეს დანაშაული გადაჰყავს ნაკლებად მძიმიდან მძიმე კატეგორიის დანაშაულში. წესების დარღვევით იარაღის უკანონო ტარება არ იქნება ნაკლებად მძიმე დანაშაული, ეს იქნება მძიმე დანაშაული და ეს უნდა გაიგონ ჩვენმა ახალგაზრდებმა."

დღის ამბები