18 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
"ღია დიქტატორული ნიშნები" - ნიკა მელია ზვიად კუპრავას პატიმრობის შეფარდებას და ნიკა გვარამიას დაკითხვაზე დაბარებას ეხმაურება

სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, პირველად საქართველოს ისტორიაში, საქართველოს მოქალაქეს, ზვიად კუპრავას მიესაჯა პატიმრობა 9 თვით - ეს განცხადება, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ გააკეთა.

ნიკა მელია "სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს პოლიტიკურ პატიმარს უწოდებს და ხელისუფლების მხრიდან დიქტატორული ნიშნების ღიად გამოვლენაზე საუბრობს. 

„დღეს ივანიშვილმა ქვეყანაში, ის პირველი პრეცედენტიც დაუშვა, რომელიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, საქართველოს მოქალაქის არა უბრალოდ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაში მიცემას გულისხმობს, არამედ სისხლის სამართლებრივ პატიმრობაში მიცემას გულისხმობს. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, პირველად, საქართველოს ისტორიაში, საქართველოს მოქალაქე ზვიად კუპრავას მიესაჯა პატიმრობა 9 თვით. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ,  მსგავსი რამ არ მომხდარა არც ერთი ხელისუფლების პირობებში. არც წინა ხელისუფლებს პირობებში და არც იმის წინა ხელისუფლების პირობებში... ეს არის ღია დიქტატორული ნიშნების ესე გადმოფენა საზოგადოებისთვის“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ხელისუფლებას იმ მოძალადეების საქმეებს ახსენებს, რომლებიც ოპოზიციის წევრებს გაუსწორდნენ, თუმცა ისინი დღემდე პასუხისმგებლობაში მიცემულები არ არიან. 

„უბრალოდ, მოსამართლის აუგად მოხსენიებისთვის აპატიმრებთ ადამიანს, ეს ყველაფერი ცეცხლთან თამაშს ჰგავს უკვე. დიახაც, სისხლის სამართლის კოდექსში არის 266-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ადამიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას, თუკი იგი სასამართლო დარბაზში შეურაცხყოფას მიაყენებს სამართალწარმოების მხარეებს, ანუ სასამართლო დარბაზში უშუალოდ, მაგრამ ეს  მუხლი ამოქმედდება სასამართლოს დარბაზს მიღმა, სასადილოში და ა.შ. ეს არის უკვე იმის მკაფიო სიგნალი და პრეცედენტი, რომ ხვალ და ზეგ ნიკა მელია იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა მოქალაქე, თუკი ქუჩაში შეაგინებს ან აუგად მოიხსენიებს მოსამართლეს, შესაძლებლობა უჩნდება ხელისუფლებას, ის დააკავოს,“ - აცხადებს ნიკა მელია.

ნიკა მელია, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პროკურატურაში დაბარებასაც ეხმაურება.

„პოლიტიკურ ლიდერებს ხომ დასდევთ, ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენებს ქვეყანაში ხომ დასდევთ და დევნით სამართლებრივად და ამით მილიარდ ზიანს აყენებთ სახელმწიფოს და ახლა, ყველაზე წარმატებულ მედია მენეჯერებს და ერთ-ერთ წარმატებულ ადამიანს იბარებთ საქართველოს პროკურატურაში, იმიტომ რომ მასზე განახორციელოთ ზეწოლა? და რის მიღწევა გინდათ ამით ხალხნო?“ - ამბობს ნიკა მელია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები