ნიკა გვარამიას გამოკითხვაზე დაბარებას „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ეხმაურება. შალვა ნათელაშვილი ამ ფაქტს „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის მიერ დაანონსებული ახალი ტელევიზიის შექმნას უკავშირდებს. „ლეიბორისტების“ თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ნიკა გვარამიასთვის ამ პროცესში ხელის შეშლას ცდილობს.
შალვა ნათელაშვილი სამაუწყებლო კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს მხარდაჭერას უცხადებს.
„რეპრესიების გაგრძელებას ნიკა გვარამიას მიმართ აქვს ორი მთავარი მიზეზი - პირველი, რომ მან არ შექმნას ახალი ალტერნატიული ტელევიზია, რომელიც იქნება დამოკლეს მახვილი ივანიშვილის კისერზე და მეორე, შესრულდეს კრემლის შეკვეთა. კარგად მოგეხსენებათ, როგორ სძულთ "რუსთავი 2" მოსკოვში. მე მოვუწოდებ ბიძინა ივანიშვილს, შენი თვეები დათვლილია, თუ არ დაანებებ თავს რეპრესიებს და ამ შემთხვევაში გვარამიას, დღეების დათვლაზე წავა შენი პერსპექტივა,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.
ნიკა გვარამია, პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. გვარამიას საგამოძიებო უწყებაში დაბარება მას შემდეგ მოხდა, რაც მან ახალ ტელევიზიას შექმნა დაანონსა.
შეტყობინება არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა დღეს მიიღო. ნიკა გვარამიამ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის თანხლებით, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.
გვარამიას ინფორმაციით, ნინო ნიჟარაძის საჩივრის საფუძველზე, საქმე სამი მუხლით არის აღძრული - დიდი თანხის მითვისების, დიდი ოდენობით ქონების გადამალვა სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება.