ეჭვის საფუძველი ძალიან დიდია - "რუსთავი2-ის" ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას თქმით, სამაუწყებლო კომპანიაში მათ მძიმე ფინანსური მდგომაროება დახვდათ. სალიას განმარტებით, ახალი მენეჯმენტის აპირებს კომპანიაში შემოიყვანოს საერთაშორისო აუდიტორიული კომპანია. არხის ახალი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ "რუსთავი 2-ში" შექმნილი ფინანსური პრობლემები არ შეიძლება მხოლოდ იმ ყადაღით იყოს გამოწვეული, რომელიც ქიბარ ხალვაშთან დავის პროცესში კომპანიას დაედო.
"კომპანიის მდგომარეობა, რაც მე ვნახე, ამ დღეების განმავლობაში, ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს ამასთან დაკავშირებით, როგორ არსებობდა საერთოდ ეს კომპანია და ერთი რამე მინდა, ვთქვა კიდევ, რომ ძალიან ხშირად გვესმის ჩვენ ეს რაღაც განცხადებები იმ ყადაღასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი დავის გამო იყო.
პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ამ დავასთან დაკავშირებით გამოყენებული ყადაღა ეხებოდა უძრავ ქონებას, მოძრავ ქონებას, ავტომობილებს, ასე ვთქვათ, შესაბამისად, არ ვიცი, გახსოვთ თუ არა, მაგრამ არსებობს არქივები, არსებობს სასამართლო სხდომების ჩანაწერები, სადაც არაერთხელ განვაცხადე, რომ იმისთვის, რომ კომპანიის მუშაობაში შეფერხება არ იყოს, ჩვენ მზად ვართ მოვხსნათ ეს ყადაღა, უბრალოდ წარმოგვიდგინეთ ანგარიში, რამდენი თანხა გჭირდებათ ბანკიდან და მე შეგახსენებთ, ყოველთვის იყო აპელირება იმაზე, რომ მოკლევადიანი სესხი სჭირდებოდა კომპანიას, იმისთვის, რომ კრიზისულ პერიოდებში, როდესაც სეზონურობა ახასიათებს ამ მიზეზს, როდესაც ნაკლები შემოსავალი იყო, მაშინ დაეფარათ ხელფასები და ხარჯები და შემდგომ, როცა მეტი შემოსავალი იყო, ეს სესხები გაესტუმრებინათ, იყო საუბარი და ამისთვის ჩვენ მზად ვიყავით.
ძალიან ბევრი კითხვა და ეჭვი არსებობს, რასაც, ალბათ, დროთა განმავლობაში გაეცემა პასუხი. ჩვენი მხრიდან ასევე დაგეგმილია საერთაშორისო კომპანიის მოწვევა აუდიტის ჩასატარებლად. ახლა საგამოძიებო ორგანოები რა დასკვნას დადებენ, ეს საზოგადოებისთვისაც, ჩვენთვისაც გახდება ცნობილი და შევაფასოთ ყველამ ერთად. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეჭვის საფუძველი ძალიან ბევრია. დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, ეს კომპანიის კომერციული საიდუმლოებაა, პირველ რიგში. მე არ მინდა საჯაროდ, ყველა ტელევიზიის თანდასწრებით ვისაუბრო ამასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მდგომარეობა იყო მძიმე წარმოუდგენლად, არხი იმართებოდა, გაურკვეველია, როგორ და შემოსავლები ყოველთვის ნაკლები იყო ხარჯებზე, შესაბამისად, დაგროვდა მილიონობით და მილიონობით დავალიანება, არა მარტო ბიუჯეტის, არამედ ყველასი ირგვლივ თუ ვინმესთან ამ კომპანიას აქვს ურთიერთობა,“ - განაცხადა სალიამ.