ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული ინტერვენციის შესახებ პოლიტიკურ სპექტრში განცხადებები გაკეთდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებაში მხოლოდ ეროვნული ბანკის ინტერვენცია საკმარისი არ არის. მისი თქმით, ლარის კურსის დასასტაბილურებლად ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას.
„რეზერვები იმიტომ არსებობს, რომ კრიტიკულ სიტუაციაში იგი გამოიყენონ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, ასე რომ მთავრობამ სასწრაფოდ უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, რომ ამ მოკლევადიან სტაბილურობას შეუწყოს ხელი. მთავრობამ აუცილებლად უნდა დააკორექტიროს ბიუჯეტი. რაც შეეხება გრძელვადიან სტაბილურობას, 7 წლის განმავლობაში ნაფუჭებს 7 დღეში ვერ გამოასწორებ, მთლიანად არის შესაცვლელი ეკონომიკური პოლიტიკა,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
„ევროპულ საქართველოში“ ამბობენ, რომ ამ მეთოდების განხორციელებით, ლარის კურსი არ დაიწევს, ის უბრალოდ შენარჩუნდება ერთ ნიშნულზე, რომელიც საბოლოოდ, ფასების მატებაში გადაიზრდება.
„ჭარბი ლარია დღეს ბაზარზე და ეროვნულ ბანკს უწევს ჩარევა, ზუსტად იმიტომ, რომ თავიდან ავიცილოთ მოსალოდნელი პანიკა, რომლის ნიშნები უკვე სახეზეა, მაგრამ ამ მეთოდებით დასტაბილურება არ ნიშნავს, რომ ლარის კურსი გამყარდება და ის ქვემოთ წამოვა. ის შენარჩუნდება ამ დონეზე, რაც საბოლოო ჯამში გადაიზრდება ფასებში და ფასები არის, რაც ყველზე მეტად ურტყამს ჩვენი მოქალაქეების ჯიბეს,“ - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
„შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ თუკი ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი ტურისტების ნაკლებობაა, ამ შემთხვევაში, სწორედ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო სახელმწიფოების შორის კრიზის გაჩნდა, შესაბამისად, რაც ტურისტების რაოდენობაზეც აისახა.
„ხელისუფლება რომ მოიქცა უთავბოლოდ და სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ასეთი კრიზისი გააჩინა, ამან შექმნა ტურისტების პრობლემა, თუ ტურისტებია მთავარი მიზეზი ლართან დაკავშირებით.... ქართული სახელმწიფო, მთავრობა და მისი ეკონომიკური პოლიტიკა, თუ ესოდენ ადვილად დაჭრადი და განადგურებადია, რომ ახლა მე თქვენს ეთერში რომ შევიგინო, ამით ქვეყანა დაიქცევა, მაშინ კარგად გვქონია საქმე,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.