საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ პროკურატურის და სასამართლოს მიმართ ნდომა არ არსებობს - საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ნიკა გვარამიას პროკურატურაში გამოკითხვაზე დაბარებას ეხმაურება.
ფადი ასლი „რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის გამოკითხვაზე დაბარებასა და მამუკა ხაზარაძის მიმართ ბრალის წაყენებას შორის პარალელს ავლებს და ამბობს, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების დადგმულია. ფადი ასლი ქვეყანაში არსებულ რეპრესიებზე საუბრობს.
„ზუსტად რა ხდება "რუსთავი 2-ის" შიგნით, არ ვიცი, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ პროკურატურის და სასამართლოს მიმართ ნდომა არ არსებობს. ისინი მიკი მაუსებს ჰგვანან. ეჭვი მაქვს, რომ ყველაფერი დადგმულია. როდესაც ხაზარაძემ თქვა, რომ პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, პროკურატურამ მას ბრალი წაუყენა, იგივე ხდება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, როდესაც მან განაცხადა, რომ ახალ ტელევიზიას ხსნის, დაკითხვაზე დაიბარეს. ეს არის ივანიშვილის ვენდეტა, რომელიც მხოლოდ მაშინ შეწყდება, როდესაც ხელისუფლებაში აღარ იქნება. შემდეგ ის გაიქცევა და პროკურატურა დაუწყებს დევნას. საქართველოში პოლიტიკური რეპრესიებია, ასე იქცეოდა წინა მთავრობაც და ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულიც ზუსტად იგივენაირი იქნება,“ - განაცხადა ფადი ასლიმ.
ნიკა გვარამიას მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით ხვალ გამოკითხავენ. "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი პროკურატურაში დაიბარეს. ნიკა გვარამიამ პროკურატურაში ჩვენების მიცემაზე უარი თქვა და მაგისტრი მოსამართლის თანხლებით, სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა.