"ჩემო კვირიკაშვილო, არც კი გაბედო რაიმე განცხადების გაკეთება," - ოპოზიციაში თვლიან, რომ ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიების გააქტიურება პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება.
საქმე ეხება 710 მილიონიან პროექტს და თანხას, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობისთვის ასესხა. ერთ-ერთი ვერსიით, უახლოეს პერიოდში, ამავე საქმეზე პროკურატურაში ექსპრემიერს, გიორგი კვირიკაშვილსაც დაიბარებენ. სავარაუდოდ, გამოძიება კვირიკაშვილისა და ყოფილი მაღალჩინოსნების კავშირებს არკვევს. ოპოზიციაში კი დარწმუნებული არიან, რომ მმართველი გუნდი ოპონენტთა ჯგუფის გაჩუმებას ცდილობს და რეალურად არავის დაჭერას აპირებენ.
"არავის დაჭერას არ აპირებენ დაიბარებენ ამ ხალხს შეაშინებენ და შეუთვლიან კვირიკაშვილს, ჩემო კვირიკაშვილო, არც კი გაბედო რაიმე განცხადების გაკეთება. თუმცა კვირიკაშვილი რა უბედურებაც იყო ამ ქვეყნისთვის კარგად გვახსოვს,"-აცხადებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გამოძიების განახლებას საბჭოთა პროკურატურის მუშაობის კლასიკურ მეთოდს ადარებს. კახიძის თქმით, მმართველ გუნდს კონკრეტულ სიტუაციაში, კონკრეტული საჭიროების გამო თაროდან ჩამოაქვთ მივიწყებული საქმეები და დევნას ანახლებენ.
"ეს არის საბჭოთა პროკურატურის კლასიკური მუშაობის მეთოდი, როდესაც დანაშაულს კი არ მოჰყვება რეაგირება ადამიანია სამიზნე, ადამიანს ამოუწევენ თემას, რომელიც თაროზე უდევს. თაროდან ჩამოაქვთ სისხლის სამართლის საქმეები, იმ მოტივით, რომ კონკრეტულ სიტუაციაშია ასე საჭირო,"-ამბობს ოთარ კახიძე.
ყოფილი ჩინოვნიკების წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ნიშნებს ხედავს მმართველი გუნდის ყოფილი წევრი ეკა ბესელიაც. მისი თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ ხელისუფლება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური ველის სრულად მოსუფთავებას ცდილობს.
„ეს იმას ნიშნავს, რომ ეს აშკარად იქნება აღქმული,როგორც პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი ქმედებები,რომლის ინტერესიც არის, რომ 2020 წლისთვის გარემო იყოს მმართველი პარტიისთვის ხელსაყრელი და კონკურენტების გარეშე,“-ამბობს ეკა ბესელია.
”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია თვლის, რომ კორუფცია მმართველი გუნდის ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკებისთვის ჩვეული საქმიანობაა, თუმცა ამ შემთხვევაში კვირიკაშვილისა და მისი ეკონომიკური გუნდის ყოფილი წევრების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიება მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებულია.
„ცალსახად იკვეთება პოლიტიკური ნაბიჯები და ზეწოლები გარკვეულ ჯგუფებზე. ხელისუფლების ჩინოვნიკები არიან გარეული კორუფციაში, მაგრამ აქ პრობლემაა როდის იყენებ ამ საკითხს და როდის ხდება ზეწოლა ამ, მიმართულებით, როდესაც ურჩი ხდები თუ როდესაც მორჩილი ხარ“-აცხადებს პაატა დავითაია.