ლარის ისევ გაუფასურდა - ოპოზიციის წარმომადგენლები ეროვნული ბანკის უშედეგო ქმედებებზე საუბრობენ და ყურადღებას კვლავ ხელისუფლების არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ამახვილებენ. „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ეკონომიკური კრიზისის მთავარ მიზეზად, „ქართული ოცნების“ მმართველობას ასახელებს და ეროვნული ვალუტის დასტაბილურებისთვის საჭირო ქმედებებზე საუბრობს. კახიძე ამბობს, რომ აუცილებელია უცხოური ინვესტიციების მოძიდვა და ეკონომიკის გაჯანსაღება
„ ლარის გაუფასურების მიზეზი არის ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“, ვინაიდან მათი ყოველი პრემიერის დროს ლარი ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივად უფასურდება 1.65-დან 2.90-მდე. ეს არის ყოველწლიური არასწორი პოლიტიკის შედეგი და თუ არ მოიზიდავს ხელისუფლება ინვესტიციებს, თუ ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ ზრდას, რომ ექსპორტი გაიზარდოს. თუ ვერ უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შეიქმნას დოვლათი და სიმდიდრე, მაშინ აუცილებლად გაუფასურდება ლარი,“- განაცხადა კახიძემ.
ხელისუფლების და ეროვნული ბანკის უპასუხისმგებლო ქმედებებზე საუბრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავაც. მისი თქმით, ქვეყანაში გონივრული ეკონომიკური პოლიტიკის დეფიციტია.
„არა მხოლოდ ეკონომიკური ბლოკის მინისტრების და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უპასუხისმგებლობასთან გვაქვს საქმე, არამედ ხელისუფლების და ივანიშვილის უპასუხისმგებლო და მავნებლურ პოლიტიკასთან, რომელმაც შვიდი წლის მანძილზე გამოიწვია ის ღრმა ეკონომიკური კრიზისი, რაშიც შევიდა ქვეყანა და ბუნებრივია, ეს პირველ რიგში აისახება ლარის დევალვაციაზე. პირველ რიგში, ეროვნულ ვალუტას გასამყარებლად სჭირდება პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რაც შეზღუდულია, იმიტომ, რომ ამ ხელისუფლების პირობებში არ არის გონივრული ეკონომიკური პოლიტიკა,“- განაცხადა ბოკუჩავამ.
ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენცია უშედეგო აღმოჩნდა. ეროვნული ვალუტა ისევ გაუფასურდა. ლარის ოფიციალური ღირებულება გუშინ 2.89 გახდა. დღეს კი სავალუტო ბაზარზე ლარი ვარდნას კვლავ განაგრძობს. ბმლუბ~მბერგზე ვაჭრობა 2.90 ლარად დაიწყო თუმცა ამ დროისთვის ლარი დოლართან მიმართებაში 2 თეთრით უკვე გაუფასურდა და 1 დოლარის ღირებულება 2.92 ლარს შეადგენს.