მედიაექსპერტები მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო ცვლილებების პაკეტში მედიაცენზურის საფრთხეს ხედავენ. საუბარია ცვლილებების იმ ნაწილზე, რომელიც საარჩევნო კლიპების შინაარსის გაკონტროლებას გულისხმობს. ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, მედიასაშუალებებს ეკისრება ვალდებულება, შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა სარეკლამო რგოლი კანონმდებლობის მოთხოვნებს, ხომ არ არის სიძულვილის ენა გამოყენებული.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ კლიპის შინაარსზე არა მედიასაშუალებამ, არამედ კონკრეტულმა პარტიამ უნდა აგოს პასუხი.
„ფაქტობრივად, პოლიტიკოსების დანაშაულზე, მარტივად და გასაგებად რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობა ეკისრება მედიას, რაც ცხადია არის აბსოლუტურად მიუღებელი. რადგან თუკი პოლიტიკური პარტია დაამზადებს ისეთ ვიდეორგოლს, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კანონმდებლობასთან, ამაზე თავად პარტიამ უნდა აგოს პასუხი და ამაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ცესკომ და არა მაუწყებელმა. გარდა ამისა, სიძულვილის ენის ტერმინი შემოაქვთ პირველად ჩვენს კანონმდებლობაში, რაც არის ძალიან პრობლემური იმიტომ, რომ არსად განმარტებული არ არის სიძულვილის ენა და თუ შევხედავთ, რატომ დასჭირდა ხელისუფლებას ამ ცვლილების შემოტანა, ვფიქრობ, რომ ეს არ არის გამართლებული გზა,“ - განაცხადა ნატა ძველიშვილმა.
ცვლილებების ამ ნაწილში ცენზურის ნიშნებს ხედავს ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეც. ელენე ნიჟარაძის განცხადებით, ეს ცვლილებები პირდაპირ მიმართულია მედიათავისუფლების წინააღმდეგ.
„რეგულაციები, რომელიც წარმოდგენილი არის ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში არის ძალიან ნეგატიური. მიგვაჩნია, რომ ძალიან უარყოფით და გამყინავ გავლენას მოახდენს მთელ წინასაარჩევნო კამპანიაზე. ეს ცვლილებები არის პირდაპირ მიმართული გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. ასევე ჩარევას წარმოადგენს მედიის საქმიანობაში. ცალსახად იყო საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც, ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებიც რომ არ შეიძლება მედიას დაეკისროს პასუხისმგებლობა პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე. მიუხედავად ამისა, მაინც ეს ცვლილება აისახა ამ კანონპროექტში,“ - განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.