არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ პროფესიული ნიშნით არის ვინმეზე ზეწოლა - ეს განცხადება დიმიტრი ხუნდაძე გააკეთა. პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი ნიკა გვარამიასა და ასევე, „ტვ პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის პროკურატურაში დაბარება ეხმაურება. ხუნდაძე ამბობს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.
„პროკურატურამ ესა თუ ის პირი, მიუხედავად მისი გვარიშვილობისა, მისი პოლიტიკური მრწამსისა, თანამდებობისა და ან საქმიანობისა, რომ დაიბაროს, არ უნდა ვეცადოთ, რომ მუდმივად პოლიტიკური სარჩული მოვუძებნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გავალთ სამართლებრივი წესრიგიდან. ჩვენ სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება უნდა შევინარჩუნოთ. ეს არის მონაპოვარი, ვფიქრობ, 2012 წლის შემდეგ და თუ მედიის რიტორიკას გადახედავთ, ვფიქრობ, რომ ისინი არა თუ იზღუდებიან, არამედ სრული თავისუფლება აქვთ და ხშირად ხელისუფლებას გვიწევს თავდაცვის პოზაში ყოფნაც. მე ვფიქრობ, მით უმეტეს ამ ფონზე, არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ ჩვენ ვთქვათ, რომ პროფესიული ნიშნით არის ვინმეზე ზეწოლა,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, დიმიტრი ხუნდაძე.