მოახდენს თუ არა კრემლი ცხინვალის რეგიონის ანექსიას? - საოკუპაციო რეჟიმი უკვე აანონსებს და პირდაპირ მიმართავს კიდეც მოსკოვს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თხოვნით. ცხინვალის ტელევიზიამ ე.წ. პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის საჯარო მიმართვა გაავრცელა, სადაც ის პირდაპირ ამბობს, რომ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთი რუსეთის ფედერაციის ნაწილი უნდა გახდეს. ოკუპაციიდან ანექსიამდე გზამ გენოციდზე უნდა გაიაროს. ცხინვალის მიმართვის შემდეგ რუსეთის დუმამ შესაძლოა, დაიწყოს მუშაობა საქართველოში ოსების გენოციდის აღიარების შესახებ.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთს, ფაქტობრივად, ანექსირებული აქვს. ოკუპირებულ რეგიონში რუსული ჯარი დგას, ადგილობრივი ბიუჯეტიც რუსეთიდან ივსება. მოსკოვი ცხინვალს ახლა ფულით და ძალით მართავს. ანექსიის ოფიციალურად გაფორმებას კი ექსპერტები არ ელოდებიან. უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე ცხინვალის განცხადებებს პოლიტიკური ტემპერატურის აწევის მცდელობას უკავშირებს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთს გააზრებული აქვს პოლიტიკური ფასი, რომელსაც ოკუპირებული რეგიონების ანექსიისთვის გადაიხდის, ამიტომ ანექსიის ღიად აღიარება არ აწყობს და არც სჭირდება.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მთავრობა არ მუშაობს და არ ცდილობს ოკუპირებული საქართველოს დეოკუპაციას, დუმილი და პოლიტიკური მორჩილება კი ხალხს ძალიან ძვირი უჯდება. ცნობილი გახდა, რომ ესტონეთი უარს აცხადებს, აღიაროს ის რუსული პასპორტები, რომელსაც მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში არიგებს. ქართველი პოლიტიკოსების შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნის ეს სვლა უკრაინელი დიპლომატების გამარჯვებაა.
ოკუპაციიდან ანექსიამდე გეგმა რუს ოკუპანტებს კარგად აქვთ გაწერილი. რუსეთის სათათბირო უახლოეს სხდომაზე ცხინვალის მიმართვას განიხილავს. დადგენილების პროექტით, საქართველო უნდა გამოცხადდეს ოსების გენოციდის მომწყობ ქვეყნად. "ლეიბორისტების" ლიდერი კი ამბობს, რომ ვიდრე მოსკოვი ისტორიას გააყალბებს, საქართველომ უნდა დაასწროს. შალვა ნათელაშვილმა პარლამენტს დადგენილების მიღება მოსთხოვა და დოკუმენტის პროექტიც გაასაჯაროვა.