ანზორ ჩუბინიძეს 20 ივნისის შესახებ კითხვებზე პასუხების გაცემა მაინც მოუწევს - ასე უპასუხა ოპოზიციამ საპროტესტო აქციის დარბევის ერთ-ერთ ორგანიზატორს. იმ შემთხვევაში თუ საშემოდგომო სესიის დროს საგამოძიებო კომისია შეიქმნა, ოპოზიცია ამბობს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსს დეპუტატები ამ კომისიაზე აუცილებლად დაიბარებენ.
მანამდე კი რეაგირებას ელოდებიან პროკურატურისგან, რომელსაც წესით აქამდეც უნდა დაეკითხა ჩუბინიძე, თუმცა როგორც თავადაც დაადასტურა ეს არ მომხდარა.
ოპოზიციური პარტიების ლიდერების განცხადებით, გამოძიება მისით მხოლოდ იმის გამო არ ინტერესდება, რომ ჩუბინიძე ბიძინა ივანიშვილის რჩეულია. ამიტომაც აბარებდა ის ანგარიშს სისხლიან ღამეს სწორედ "ქართული ოცნების" ლიდერს.
„ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს ივანიშვილთან და არის მისი გარემოცვის წევრი. მის მიმართ არ მოხდება არანაირი გამოძიების წარმოება და ის არ დაისჯება სანამ „ქართული ოცნება“ არის ხელისუფლებაში და სანამ ყველაფერს აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი.
„მან უნდა დაასახელოს თუ ვინ გასცა ბრძანება, რომ ეს მოქმედებები განეხორციელებინათ. და ეს ცხადია იქნება ან უშუალოდ ივანიშვილი ან გახარია, რომელსაც დაავალა ივანიშვილმა. ადრე თუ გვიან ეს მაინც იქნება გამოძიებული,“-ამბობს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი მურთაზ ზოდელავა.