18 ნოემბერი 2024,   23:40
ვრცლად
ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს გვარამიას განეიტრალებას - დიმიტრი საძაგლიშვილი

ნიკა გვარამიასთვის პროკურატურის მიერ ბრალის წაყენებას მისი ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი ეხმაურება. "რუსთავი 2-ის" ყოფილ გენერალურ დირექტორს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

პროკურორის დღევანდელი განცხადების შეფასებისას ნიკა გვარამიას ადვოკატი ამბობს, რომ საგამოძიებო უწყება რიგ შემთხვევაში იტყუება. დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, სამაუწყებლო კომპანიიდან პროკურატურას ყველა საჭირო დოკუმენტი აქვს ამოღებული და ფლობს ინფორმაციას, რომ ნიკა გვარამიამ ფული ასესხა „ინტერმედიას“.

„პროკურატურა უბრალოდ ტყუის რიგ შემთხვევებში იმიტომ, რომ მას ამოღებული აქვს ყველა დოკუმენტაცია, მათ შორის, როდესაც საცხოვრებელ ბინებთან დაკავშირებით ამბობს, ის არაფერს არ ამბობს ნიკა გვარამიას მიერ ფულის სესხებასთან დაკავშირებით, რომლის გასტუმრება მოხდა სწორედ ამ ფორმით და ეს ფული საერთოდ არ უკავშირდებოდა ან „რუსთავი 2-ს“ ან „ინტერმედიას“, გარდა ამისა, გამოკითხვაზე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით ეს კითხვები საერთოდ არ დასმულა, ანუ არ იყო დაინტერესებული გამოძიება ამ კუთხით და ვერ წამომიდგენია, რა საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაეტარებინათ ამ სამ დღეში, რომ ამ მიმართულებით წასულიყვნენ,“ - ამბობს ადვოკატი.

საძაგლიშვილს იმედი არ აქვს, რომ გამოძიება ობიექტურად წარიმართება და აღნიშნავს, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სამართლებრივი დავა არ მიმდინარეობს.

„ჩვენ პრინციპში, თავიდანვე ვთქვით, რომ ეს არ არის არც სამართლებრივი საქმე და ამ საქმეზე არ იქნება სამართლებრივი გადაწყვეტილება მიღებული, მათ შორის, გადაწყვეტილებას არ იღებს არც ის პროკურორი, რომელიც საქმეზე არის, არამედ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მიზნად ისახავს, მხოლოდ და მხოლოდ, ნიკა გვარამიას განეიტრალებას.

„იმდენად აბსურდულ რაღაცებზე ამახვილებს ყურადღებას პროკურატურა, არ ვიცი. ერთადერთი ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი დაკავშირება უნდოდეთ ამ საქმესთან, რომ მე არ ვიყო ნიკა გვარამიას ადვოკატი და ვერ შევძლო მისი ინტერესების დაცვა, შესაძლებელია, ერთადერთი ეს მიზანი ჰქონდეთ, სხვა არაფერი მიზანი არ შეიძლება არსებობდეს ბუნებაში, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი დანაშაულის ნიშანი, არათუ დანაშაულის ნიშანი, არამედ სამოქალაქო წესით, რომ ედავოს ახლა უკვე მოქმედი პარტნიორი, სამოქალაქო წესითაც კი სარჩელს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, მითუმეტეს დანაშაულზე საუბარი არის სრულიად გამორიცხული და წარმოუდგენელი რამ,“ - ამბობს საძაგლიშვილი.

დიმიტრი საძაგლიშვილი ხელისუფლების სავარაუდო გეგმაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ახლა, „რუსთავი 2-ის“ ხელში ჩაგდების შემდეგ, მთავრობის მიზანს წარმოადგენს კომპანიის გაკოტრება და ამის გვარამიასთვის დაბრალება. ამას გარდა, საძაგლიშვილის თქმით, ხელისუფლების ინტერესშია, რომ ნიკა გვარამიამ ახალი ტელევიზია ვერ შექმნას.

„ნიკა გვარამიას ედავებიან რეკლამების გაყიდვასთან დაკავშირებით ამ ნაწილში, ალბათ, ყველაზე კარგი კრიტერიუმი მისი საქმიანობის შეფასების არის შედარება კონკურენტ ტელეკომპანია „იმედთან“. მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამია დაინიშნა „რუსთავი 2-ის“ გენერალურ დირექტორად, „რუსთავი 2“ ყოველთვის საკმაოდ მნიშვნელოვნად უსწრებს ტელეკომპანია "იმედს" რეკლამების გაყიდვით და მიღებული შემოსავლით. ეს იმას ნიშნავს, რომ, პირიქით, ნიკა გვარამია იყო წარმატებული დირექტორი, პირიქით, მან შეძლო სარეკლამო ბაზრიდან იმაზე მეტის მიღება, ვიდრე მისი მთავარი კონკურენტები ახერხებდნენ და სწორედ ამ მეთოდებით ის უზრუნველყოფდა „რუსთავი 2-ის“ მიერ თავისუფალ და დამოუკიდებელ მაუწყებლობას. ახლა, ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ხელში ჩაგდო „რუსთავი 2“, ახლა მათი მთავარი სამიზნე არის ორი რაღაც - ერთი, რომ ნიკა გვარამიამ ვერ შეძლოს ახალი ტელეკომპანიის შექმნა, მეორე, ასევე, არ გამოვრიცხავ იმას, რომ "რუსთავი 2-ის" ლიკვიდაცია ან გაკოტრება მომავალში, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ სურთ, ეს დაბრალდეს ნიკა გვარამიას“, - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

დღის ამბები