ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას „ინტერმედიას“ წარმომადგენლები ეხმაურებიან. პროკურატურის დღევანდელ ბრიფინგზე გაირკვა, რომ ნიკა გვარამიას საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას ედავებიან, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
ამას გარდა, პროკურატურის ინფორმაციით, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები სამაუწყებლო კომპანიაში რეკლამის განსათავსებლად „ინტერმედია პლიუსის“ კონტრაქტორი კომპანიებიდან მიღებული დიდი ოდენობით თანხების ხარჯვის კანონიერების შესწავლის მიზნით მიმდინარეობს.
პროკურორის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის დეკემბერში, „ინტერმედია პლიუსმა“, რომელსაც ამ დროს დიმიტრი საძაგლიშვილი წარმოადგენდა, ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში მიიღო თბილისში 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა. პროკურორის თქმით, აღნიშნული ფართები საკუთრებაში გადაეცა ნიკა გვარამიას, რომელმაც ორივე ბინა გაყიდა.
კომპანია „ინტერმედიის“ აღმასრულებელი დირექტორი, ზურაბ გუმბარიძე ამბობს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმდა და ყველაფერი ეს დოკუმენტებით დასტურდება.
„ჩვეულებრივი ნასყიდობის ხელშეკრულება არის, ეს ბინა იყიდა ჯერ "ინტერმედიამ", ანუ მისი აქტივი იყო, შემდეგ მოახდინა რეალიზაცია, ისევე, როგორც სხვა აქტივების, რაც მის ბალანსზე არის, ჯერ კიდევ არსებობს რაღაც აქტივები, რომლებიც "ინტერმედიას" ბალანსზეა. მათ შორის, ახლაც აქტიურად ხდება რაღაცების გაყიდვა, ეს იყო ჩვეულებრივი ოპერაცია. ნიკამ შემოიტანა თანხა, თანხა არის შემოსული "ინტერმედიის" და შემდეგ ეს თანხა ფინანსურმა დეპარტამენტმა გამოიყენა იმ ვალდებულებების შესაბამისად, რა ვალდებულებებიც კომპანიას გააჩნდა, მათ შორის, "რუსთავი 2-ზე" არის ძირითადად გადახდილი ეს თანხა, "რუსთავი 2-ის" მიმართ დავალიანება ჰქონდა "ინტერმედიას". ეს იყო ჩვეულებრივი ოპერაცია, ანუ ერთ-ერთი აქტივის გაყიდვა და ასეთი ოპერაციები იყო ბევრი,“ - განაცხადა გუმბერიძემ.
კომპანია ”ინტერმედიის” ბუღალტერი, ნინო ქიტიაშვილი ამბობს, რომ ფინანსური კუთხით არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება.
„დოკუმენტი, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიამ შემოიტანა თანხა ბინის ნასყიდობის, პროკურატურაშია წაღებული, მე შემიძლია განახოთ დოკუმენტი, იმავე თარიღში, იგივე თანხა, ბანკში რომ შეიტანა ზურაბ იაშვილმა, ჩვენმა გენერალურმა დირექტორმა და აისახა ბანკის ანგარიშზე ის თანხა. ეს იყო ჩვეულებრივი ნასყიდობის ხელშეკრულება ბინის, ასე, რომ ყველაფერი წესრიგში. 510 ათას ლარზეა საუბარი და 2016 წლის ივლისში გაფორმდა ეს ხელშეკრულება, ორ ტრანშად არის ფული გადახდილი და ორივე ტრანში იმ დღესვე შეტანილია ბანკის ანგარიშზე. საგადასახადო ფინანსური კუთხით არანაირი დარღვევა არ არის, ყველაფერზე არის ხელშეკრულება, ხელმოწერა“, - განაცხადა ნინო ქიტიაშვილმა.