„შეიძლება ჩემი დაკავშირება უნდოდეთ ამ საქმესთან, რომ მე არ ვიყო ნიკა გვარამიას ადვოკატი და ვერ შევძლო მისი ინტერესების დაცვა“, - ეს განცხადება ნიკა გვარამიას ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გააკეთა.
დიმიტრი საძაგლიშვილი პროკურატურის განცხადებას ეხმაურება, სადაც ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს და "რუსთავი 2-სა" და „ინტერმედიას“ შორის დადებულ ხელშეკრულებებში დიმიტრი საძაგლიშვილის სახელიც ფიგურირებს.
პროკურორის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის დეკემბერში „ინტერმედია პლიუსმა“, რომელსაც ამ დროს დიმიტრი საძაგლიშვილი წარმოადგენდა, ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში მიიღო თბილისში 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა. პროკურორის თქმით, აღნიშნული ფართები საკუთრებაში გადაეცა ნიკა გვარამიას, რომელმაც ორივე ბინა გაყიდა.
დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი ახსნა შეიძლება მოეძებნოს, რომელიც მისი საქმიდან ჩამოცილებას უკავშირდება.
„იმდენად აბსურდულ რაღაცებზე ამახვილებს ყურადღებას პროკურატურა, არ ვიცი. ერთადერთი ვფიქრობ, რომ შეიძლება ჩემი დაკავშირება უნდოდეთ ამ საქმესთან, რომ მე არ ვიყო ნიკა გვარამიას ადვოკატი და ვერ შევძლო მისი ინტერესების დაცვა, შესაძლებელია, ერთადერთი ეს მიზანი ჰქონდეთ, სხვა არაფერი მიზანი არ შეიძლება არსებობდეს ბუნებაში, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი დანაშაულის ნიშანი, არათუ დანაშაულის ნიშანი, არამედ სამოქალაქო წესით, რომ ედავოს ახლა უკვე მოქმედი პარტნიორი, სამოქალაქო წესითაც კი სარჩელს არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, მით უმეტეს დანაშაულზე საუბარი არის სრულიად გამორიცხული და წარმოუდგენელი რამ,“ - ამბობს საძაგლიშვილი.