ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები პოლიტიკურად მოტივირებულად მოიხსენიებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური ამბობს, რომ პროკურატურა ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების წინააღმდეგ გააქტიურდა.
გიგაურისთვის საგანგაშოა, როდესაც საგამოძიებო უწყება მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართაც გააქტიურდა.
„მთელი ეს კონტექსტი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ბოლო თვეების განმავლობაში, რომ განსაკუთრებით აქტიურია პროკურატურა იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები ხელისუფლების მიმართ და ოპონენტები არიან ხელისუფლების და ასევე იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც დაკავშირებულები არიან მედიასაშუალებებთან, ეს არის ფაქტი, ჩვენ ამას ვხედავთ, ეს ყველაფერი ხდება ამ ქვეყანაში და, რა თქმა უნდა, არის ძალიან საგანგაშო,“ - ამბობს გიგაური.
შერჩევით მართლმსაჯულებასა და პოლიტიკური რეპრესიების დაწყებაზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია "ღია საზოგადოების ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი, ქეთევან ხუციშვილი.
„ეს არის შერჩევითი მართლმსაჯულება, მაგრამ თუ იგივე პროცესები გაგრძელდა, ჩვენ, სამწუხაროდ, მოგვიწევს პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბარი,“ - ამბობს ხუციშვილი.
ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება რომ პოლიტიკურად მოტივირებულ გარემოებას უკავშირდება, ამაზე საუბრობს „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)” აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი.
„ასე უცებ, ოპონენტი ადამიანების საქმეების გამოძიება, როგორიც არის ნიკა გვარამიას კონკრეტული ეს შემთხვევა თუ ხაზარაძის და ა.შ. ბევრი საქმის ჩამოთვლა შეიძლება, ამის ასე მოკლე ვადებში დასრულება ნამდვილად ბადებს ეჭვს და ვფიქრობ, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული,“ - განაცხადა გიორგი კლდიაშვილმა.
ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
სამაუწყებლო კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენის მიზნით დღეს 19:00 საათზე არის პროკურატურაში დაბარებული.