„პროკურორი გულუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და აუცილებლად, სამოქალაქო სარჩელსაც შევიტან სახელის და ღირსების შელახვისთვის“, - ეს განცხადება ნიკა გვარამიამ პროკურატურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
ნიკა გვარამიამ ბრალის დადგენილება დახია და აღნიშნა, რომ სამარცხვინო ბრალდება აქვს წარდგენილი. მისი თქმით, ბრალში არ დევს ის ეპიზოდი, რომელზეც დღეს პროკურორმა, ამირან გულუაშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. საქმე ეხება ბინების საკითხს, პროკურორის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის დეკემბერში, „ინტერ მედია პლიუსმა“, რომელსაც ამ დროს დიმიტრი საძაგლიშვილი წარმოადგენდა, ნასყიდობის ხელშეკრულებით საკუთრებაში მიიღო თბილისში 565 226 ლარის ღირებულების 2 საცხოვრებელი ბინა. პროკურორის განცხადებით, აღნიშნული ფართები საკუთრებაში გადაეცა ნიკა გვარამიას, რომელმაც ორივე ბინა გაყიდა.
„დღეს ბრიფინგზე გამოსული პროკურორი გულუაშვილი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და აუცილებლად, სამოქალაქო სარჩელსაც შევიტან სახელის და ღირსების შელახვისთვის. ბრალში არ არის არანაირი ბინების ეპიზოდი, პროკურორმა გულუაშვილმა უბრალოდ იჭორავა საქმის მასალებიდან რაღაც ამოკითხული, რომელიც, ალბათ, დაუწერეს, მაგრამ ციხეში მაინც გულუაშვილი მოხვდება, ისიც გააყალბა ფაქტები და ისიც გააყალბა ფაქტები და არ თქვა, რომ ამაში იყო ფული გადახდილი ჩემ მიერ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბინების ეპიზოდი ბრალში არ არის. ეს ყველაფერი გაკეთებული იყო ჩემი პატივის და ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის მიზნით და იყო მოყვანილი ნახევრად სწორი ფაქტები. ამიტომ, პროკურორი გულუაშვილი აუცილებლად ჯერ მისცემს ჩვენებას ვინ დაუწერა და მერე თვითონ ეს ნაბიჭვარი მოხვდება ციხეში, ამის პირობას ვდებ“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.