პროკურატურამ „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორისთვის ბრალის წარდგენის გადაწყვეტილება სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან ნიკა გვარამიას გადაყენებიდან ზუსტად 3 კვირაში მიიღო. თადუმაძის უწყებამ 21 დღეში გამოიძია დანაშაული, რომლითაც გვარამიას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში დიდი ოდენობით თანხების მითვისებასა და მიზანმიმართულ გადამალვაში ადანაშაულებს.
"რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი, რომელიც საქართველოს მთავარ არხს შვიდი წლის განმავლობაში მართავდა, ამბობს, რომ ის ივანიშვილის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია, საქართველოში დიქტატურა დამყარდა და მას ციხეში ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით იმის გამო უშვებენ, რომ „რუსთავი 2-დან“ გათავისუფლების შემდეგ ახალი სატელევიზიო არხის შექმნა დააანონსა.
პროკურატურის მტკიცებით, გვარამიამ გაყიდვების საშუამავლო ფირმასთან გაფორმებული კონტრაქტით ტელევიზია შვიდი მილიონი ლარით აზარალა. წარდგენილ ბრალს ნიკა გვარამია აბსურდულს უწოდებს. დღეს პროკურატურაში შესვლამდე გვარამიამ დეტალურად ახსნა, რატომ გაფორმდა ხელშეკრულება.
"რუსთავი 2-ის" 9-პროცენტიანი წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის გარდა, ნიკა გვარამიას შესაძლო დანაშაულთან დაკავშირებით, პროკურატურის განცხადებით, არხის ახალმა გენერალურმა დირექტორმაც მიმართა. პაატა სალია ამბობს, რომ ნიჟარაძესთან კომუნიკაცია არ ჰქონია და ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. პაატა სალია იმასაც გამორიცხავს, რომ ზიანი კომპანიისთვის ქიბარ ხალვაშის მიერ დადებულ ყადაღას მიეყენებინა.
პროკურატურამ ბრიფინგზე თქვა, რომ ნიკა გვარამიამ სარეკლამო გაყიდვების კომპანია „ინტერმედიისგან“ მიიღო ბინა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ეს ბინა გვარამიამ იყიდა თუ როგორ აღმოჩნდა მის სახელზე.
პროკურორმა დამალა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა, თუმცა დოკუმენტებით მარტივად დგინდება, რომ ნიკა გვარამია 2012 წლიდან ფლობდა პენტჰაუსს, აბულაძის ქუჩაზე. ეს ბინა ნიკა გვარამიამ 2016 წლის ივნისში გაყიდა და მიღებული ფული კომპანია „ინტერმედიას“ ასესხა. არსებობს სალაროს შემოსავლის ორდერი, რომელიც ამ სესხის არსებობას ადასტურებს.
ნასესხები ფულის სანაცვლოდ „ინტერმედიამ“ ნიკა გვარამიას ვალი ბინის სახით 2017 წლის 22 სექტემბერს გადასცა. ამ ხელშეკრულებების კანონიერებას ადასტურებს „ინტერმედია პლიუსის“ დირექტორიც.
ნიკა გვარამიამ დღეს პირდაპირ დაადანაშაულა საქართველოს გენერალური პროკურატურა შავი PR-ის აგორებაში. მისივე თქმით, პროკურატურა ტყუილებს ტირაჟირებს და პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოში უჩივლებს.
ბრალის წარდგენამდე რამდენიმე დღით ადრე ნიკა გვარამია პროკურატურამ მოსამართლის თანდასწრებით დაკითხა. ფაქტებზე, რომელზეც დღეს საგამოძიებო უწყება ყურადღებას ამახვილებს, დაკითხვის დროს არ დასმულა.