18 ნოემბერი 2024,   23:23
ვრცლად
გუგუტიანთკარის მოსახლეობა შიშველი ხელებით რუსი ოკუპანტების და მავთულხლართების პირისპირ - ე.წ. ბორდერიზაცია გრძელდება

გუგუტიანთკარის მოსახლეობა შიშველი ხელებით, რუსი ოკუპანტების და მავთულხლართების პირისპირ - საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები დღეს სოფელში ისევ გამოჩდნენ და ე.წ. საზღვრის გავლება დაიწყეს.

მაშინ, როცა ოკუპანტები ქართველი მესაზღვრეების წინ შეუფერხებლად გადაადგილდებიან, ქართველი სამართალდამცველები ბორდერიზაციის პროცესზე ლაპარაკს ადგილობრივებს უკრძალავენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებიც გუგუტიანთკარში უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდნენ, აკონტროლებენ, რაზე საუბრობს სოფლის მოსახლეობა ჟურნალისტებთან.

ფოტოებზე, რომელსაც „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს, კარგად ჩანს, როგორ ამონტაჟებენ ე.წ. სასაზღვრო ბოძებს საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები ქართველი მესაზღვრეების თანდასწრებით.

სოფლის მოსახლეობა თუ აქამდე დუმდა, დღეს უკვე ღიად ლაპარაკობს, რომ ქართველი სამართალდამცველები ხელს უშლიან, საკუთარი მიწა-წყალი შიშველი ხელებით დაიცვან.

გუგუტიანთკარში მოსახლეობა ფიქრობს, რომ ხელისუფლების პასიურობას შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე შედეგი მოჰყვეს, რადგან არსებობს რისკი, რომ მცოცავ ოკუპაციას ამჯერადაც ერთი ქართული სოფელი მთლიანად შეეწიროს.

ქართული მხარე გმობს და საქმის კურსში აყენებს საერთაშორისო საზოგადოებას, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ტონი საოკუპაციო რეჟიმის პროვოკაციულ დღის წესრიგს ვერ ცვლის.

საოკუპაციო საზღვრებში მოქცეული კიდევ ერთი სოფლის მოსახლეობა ახალი რუსული მავთულხლართების მოლოდინში ცხოვრობს. ამ დრომდე გუგუტიანთკარში არცერთი ძალოვანი უწყების მაღალჩინოსანი არ ჩასულა.

ამავე თემაზე
დღის ამბები