ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი მთავარი იურისტი, თამთა მურადაშვილი ეხმაურება. მურადაშვილის თქმით, "რუსთავი 2-თან" მიმართებაში სიტყვა სამართალი და კანონი უნდა გამოირიცხოს, რადგან მიმდინარე მოვლენების უკან პოლიტიკური შურისძიება დგას. მურადაშვილისთვის პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენება მიუღებელია.
„რაც ეხება "რუსთავი 2-ს" საერთოდ და თავისუფალ სიტყვას, იქ სიტყვა სამართალი და კანონი უნდა გამოვრიცხოთ იმიტომ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, ყველაფერი რაც ჩვენს თავს ხდებოდა და რაც ახლა ხდება, არის კანონს მიღმა და ამას აქვს მხოლოდ ერთი საფუძველი, პოლიტიკური შურისძიება და განეიტრალება იმ ადამიანების, რომელიც არ მოსწონს მაღალ ხელისუფალს. ამიტომ, ეს პროცესები, რა თქმა უნდა, არის პოლიტიკური, ხელშეკრულება, რა თქმა უნდა, იყო ჩვეულებრივი, რიგითი ხელშეკრულება, ან რამე უკანონო რომ ყოფილიყო, თქვენ როგორ ფიქრობთ, აქამდე მოიყვანდა ხელისუფლება ამას?“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
ნიკა გვარამიას პროკურატურამ ბრალი დღეს წაუყენა. გვარამიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით წაუყენეს, რაც საწარმოს ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გამოყენებას, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.