საქალაქო სასამართლოსთან ნიკა გვარამიას მხარდასაჭერად პოლიტიკოსები იმყოფებიან. "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დევნას ისინი პოლიტიკურ რეპრესიად აფასებენ და აცხადებენ, რომ აგონიაში მყოფი ივანიშვილის მორიგი შურისძიებაა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.
„თქვენ უყურებთ პოლიტიკურ რეპრესიებს, აკვირდებით როგორ გამოაქვს სასამართლოს პოლიტიკური განაჩენი, არც სისხლის სამართალთან, არც მორალთან ამას კავშირი არ აქვს. ყველა, ვინც ოპოზიციაში ვართ, ადრე თუ გვიან, ალბათ, ასე დავასრულებთ“, - განაცხადა ვაშაძემ.
„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, დავით ბაქრაძისთვის მიუღებელია ბრალის წაყენება გვარამიასთვის. მისი თქმით, ბოლო პერიოდში, ხელისუფლების ოპონენტებს და კრიტიკული აზრის მქონე პირებს დევნიან.
„ვხედავთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს თანმიმდევრული დევნა ხელისუფლებისთვის არასასურველი სახეების და ლიდერების. ეს არის კერძო კომერციული სტრუქტურის ხელმძღვანელისთვის კერძო კონტრაქტის გამო ბრალის წაყენება და დაპატიმრების მოთხოვნა... ეს არის შერჩევითი სამართალი, ეს არის პოლიტიკური დევნა და პირადი შურისძიება ნიკა გვარამიას წინააღმდეგ“, - განაცხადა ბაქრაძემ.