„როდესაც ამდენი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანის დევნა ხდება ერთდროულად დასკვნა არის მხოლოდ ერთი, რომ ეს არის მიზანმიმართული დევნა ოპოზიციური ფიგურების წინააღმდეგ ბიზნესშიც, მედიაშიც და პოლიტიკაშიც“, - ეს განცხადება დავით ბაქრაძემ "კურიერთან" გააკეთა.
დეპუტატი ამ წუთებში საქალაქო სასამართლოს შენობასთან იმყოფება, სადაც ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა საკითხზე მსჯელობს.
დავით ბაქრაძის თქმით, ბოლო პერიოდში ხელისუფლებამ პოლიტიკური ოპონენტების დევნა დაიწყო, რასაც დეპუტატი რეპრესიებთან აიგივებს.
„ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხელისუფლება ებრძვის მისთვის არასასურველ სახეებს სამივე ძირითადი მიმართულებით - ბიზნესშიც, ჟურნალისტებში და მედიის მხრივაც და პოლიტიკაშიც. რა ჭეშმარიტების წყარომ ამოხეთქა საქართველოში იმნაირმა, რომ ბოლო ერთ თვეში გადაწყვიტა პროკურატურამ, რომ დაერიოს ყველამ და 11 წლის წინანდელი საქმეები ხსნას,“ - განაცხადა ბაქრაძემ.