საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2-ს“ პროცესზე დასწრების და გადაღების უფლება მისცა. ცოტა ხნის წინ სიტყვით გამოვიდა ნიკა გვარამია და პროკურატურა სიცრუეში დაადანაშაულა.
საქმე ეხება პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ბინების გადაფორმებასთან დაკავშირებით. ნიკა გვარამიას შეფასებით, ბრალდების მხარის ეს განცხადება მისი ღირსების შელახვას ემსახურებოდა. მისი თქმით, კორუფცია მისთვის წითელი ხაზია და ასევე იყო საჯარო მოხელეობის დროს.
მოსამართლეს სიტყვით მიმართა ასევე, გვარამიას ადვოკატმა. დიმიტრი საძაგლიშვილმა აღნიშნა, რომ ბინებთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია ჰქონდა პროკურატურას, რადგან „ინტერმედიადან“ საგამოძიებო ორგანომ დოკუმენტები სრულად ამოიღო.
ბრალდების მხარემ არ გაიზიარა ნიკა გვარამიას ბრალდება მისი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადების გაკეთებასთან დაკავშირებით.
საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მოსამართლე ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების შესახებ მსჯელობს. პროკურატურა „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ 80 000-ლარიან გირაოს და უწყების გაფრთხილების გარეშე ქვეყნის დატოვების აკრძალვას მოითხოვს. გვარამიას თქმით, ის არ აპირებს გირაოს გადახდას.