ნიკა გვარამიას საქმე - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ შეაფასა. გუბელაძე ამბობს, რომ სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მოსამართლემ გაითვალისწინა პროკურატურის შუამდგომლობა და გვარამიას ქვეყნის დატოვება საგამოძიებო უწყების თანხმობის გარეშე აეკრძალა. მოსამართლის აზრით, არსებობს საფრთხე, რომ ნიკა გვარამიამ მოახდინოს მოწმეებზე ზეწოლა.
ჟურნალისტის კითხვაზე, ერთი თვის შემდეგ მიმართავს თუ არა ბრალდების მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნით, პროკურორმა არ დააკონრეტა. "რუსთავი 2-ის" ყოფილი გენერალური დირექტორი ამბობს, რომ ის გირაოს არ გადაიხდის.
„უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტაცია, მიიჩნია, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რომ ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილი არის ბრალად შერაცხული ქმედება, კერძოს, სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული, ამას გარდა, მოსამართლემ განმარტა, რომ არსებობს ბრალდებულის მიერ მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედების და მტკიცებულებების მოპოვების ხელის შეშლის საფრთხეები და მიიჩნია, რომ გირაო, 40 ათასი ლარის ოდენობით და ამასთან დამატებითი ვალდებულებები, კერძოდ, ბრალდებულს აეკრძალოს საზღვრის დატოვება სამართალდამცავი ორგანოს შეტყობინებისა და ნებართვის გარეშე, სრულად უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.