ყველაზე მასშტაბური აქცია 2011 წლის შემდეგ რუსეთში - პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მოსკოვსა და ქვეყნის სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში 100 ათასამდე ადამიანი გამოვიდა. თუმცა სანქცირებული აქცია კვლავ მასობრივი დაკავებებით დასრულდა. საკუთარი მოქალაქეებისგან რეჟიმის დასაცავად პუტინის ხელისუფლებამ ქალაქში პოლიციასთან ერთად, სპეცრაზმი და ეროვნული გვარდია გამოიყვანა.
დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც, რომლებიც საპროტესტო აქციას და პოლიციის ქმედებებს ადგილზე აშუქებდნენ. რეპორტიორების ნაწილს ძალოვანებმა კამერები დაუმტვრიეს.
ლუბოვ სობოლს, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოსკოვის სათათბიროს არჩევნებზე არ დაუშვა, ომონმა საარჩევნო შტაბში მიაკითხა. ის ერთადერთია დამოუკიდებელი კანდიდატებდან, რომელსაც პატიმრობა არ შეუფარდეს და 5 კვირის წინ დაწყებული აქციების წამყვან ლიდერად იქცა. სობოლი შტაბიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს. პროკურატურაში განმარტეს, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, თითქოს სობოლი თანამოაზრეებთან ერთად პროვოკაციას ამზადებდა.
27 ივლისის და პირველი აგვისტოს დარბევების შემდეგ მოქალაქეების მოთხოვნებს გავლენიანი ჟურნალისტები და ცნობილი მუსიკოსები შეუერთდნენ. მთავარი მოთხოვნები სამართლიანი არჩევნების ჩატარება, დარბევებისას დაკავებული ოპოზიციის ლიდერების და ხალხის გათავისუფლება და ასევე იმ პოლიციელების დასჯაა ვინც მოქალაქეებს სასტიკად უსწორდება.
სამართლიანი არჩევნების ლოზუნგით აქციები რუსეთის 40 ქალაქში გაიმართა. მიტინგების ნაწილი სანქცირებული იყო, თუმცა პოლიციამ ის ხალხიც დააკავა, რომელიც პლაკატით ხელში ქუჩაში იდგა. აქციები უკვე 5 კვირაა იმართება და ყოველი დარბევის შემდეგ ქუჩებში სულ უფრო მეტი ადამიანი გამოდის.
აქციების დაწყების შემდეგ ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 43 პროცენტამდე დაეცა.