საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ოპონენტები საერთშორისო ასპარეზის არასაკმარისად გამოყენებასა და მოღალატეობრივ ქმედებაში ადანაშაულებენ. მიზეზი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დადებულ ექვს პუნქტიან შეთანხმებაა, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არ ასრულებს.
"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა არა ერთი შესაძლებლობა იმის, რომ ეს საკითხი წამოეწია და ეს საკითხი ევროკავშირის სანქციებში მოხვედრილიყო თუმცა მან ეს არა თუ გამოიყენა საერთოდ დუმილი არჩია.
"ზუსტად ერთი წლის წინ წამყვანმა გერმანელმა პოლიტიკოსმა დევიდ მაკალისტერმა, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა და ალბათ ყველაზე დიდი გავლენის მქონე ევროპარლამენტარი გამოაქვეყნა სტატია სადაც გამოვიდა ინიციატივით რომ მომხდარიყო 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების, ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მოთხოვნის შეტანა ევროკავშირის სანქციებში. ამ მოთხოვნის შეტანა ევროკავშირ-რუსეთის პოლიტიკურ დღის წესრიგში, რომ კონფერენციაზე კი არ თქვას ვინმემ სადღაც, რომ აი რა ცუდია რომ არ სრულდება, არამედ როცა ხვდება ევროკომისიის პრეზიდენტი პუტინს, რომ იქ იდგეს მოთხოვნა ევროკავშირის სახელით რომ აი ამ ხელშეკრულების შესრულებას მოითხოვს მთლიანად ევროკავშირი. ეს იყო გარღვევა, შესანიშნავი შანსი საქართველოსთვის, ჩვენს საგარეო პოლიტიკაში ნახტომი გაგვეკეთებინა წინ. და ამ შესანიშნავ ინიციატივას საქართველოს მთავრობამ უპასუხა დუმილით. ეს არის არა უბრალოდ შეცდომა, ბევრად მეტი ვიდრე შეცდომა,“-განაცხადა გიორგი კანდელაკმა.