18 ნოემბერი 2024,   23:34
ვრცლად
„აბსურდის თეატრია" - ოპოზიცია ნიკა გვარამიას საქმეზე სასამართლო პროცესს ეხმაურება

აბსურდის თეატრი - ასე აფასებს ოპოზიცია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამართულ სასამართლო სხდომას. ენმ-ს წევრის გიორგი ბარამიძის შეფასებით, საუბარი არ არის არანაირი დანაშაულზე და ის რასაც ახლა ნიკა გვარამიას ედავებიან ორი კომპანიის სამეურნეო საკითხია.

Image result for გიორგი ბარამიძე

„აბსურდის თეატრია, საერთოდ არანაირი დანაშაულის შემადგენლობა რა არის ცხადია. მაგრამ რომც იყოს არის სამეურნეო საკითხები. ერთი ორგანიზაცია, მეორე ორგანიზაციასთან რა კონტრაქტს დადებს ეს არანაირად არ არსი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საფუძველი. მაგრამ ეს ნამდვილად არ გააჩერებს არც ნიკას, არც ერთ ჩვენგანს,“-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ოპოზიცია ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას, მისი განეიტრალების მცდელობად აფასებს. ენმ-ს წევრის კობა ნაყოფიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც შეიტყო რომ ნიკა გვარამია ახალი არხის გახსნას აპირებს.

„ეს არის უბრალოდ ივანიშვილის პოლიტიკური დაკვეთა. ასუფთავებს ველს. განსაკუთრებით იმის შემდეგ, როდესაც გვარამიამ განაცხადა, რომ ის აკეთებს ახალ არხს, რა თქმა უნდა ცდილობენ დააბრკოლონ, ხელი შეუშალონ. გასაკვირია და ყველაზე მთავარი ის არის რომ ქალბატონი, 9%-ის მფლობელი, რომლისაც საერთოდ არ გაუპროტესტებია კომპანია წაართვეს და მას არ აქვს პროტესტი. არც სტრასბურგში გაუპროტესტებია. ეს ადამიანი ედავება გენერალურ დირექტორს რომ ის თითქოს არასწორად მართავდა კომპანიას. და ახალი გენერალური დირექტორი, რომელიც რამდენიმე დღე არის დანიშნულია თურმე ასეთი გენიოსია რომ ყველაფერში გაერკვა და მას გაუჩნდა პრეტენზიები. ეს ხომ აბსურდის თეატრია,“-განაცხადა კობა ნაყოფიამ.

ეს იქნება სამარცხვინო ფურცელი საქართველოს ისტორიაში - ასეთია სახალხო მოძრაობის ”შეაჩერე კორუფცია” დამფუძნებლის შეფასება. ქეთევან ენუქიძე აცხადებს, რომ მთელი სამთავრობო მანქანა ჩართული კორუფციაში, პროკურატურა კი დაკავებულია კერძო კომპანიის დირექტორის საქმიანობის შესწავლით.

„იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ამდენს ვლაპარაკობთ კორუფციის შესახებ, როდესაც მინისტრებს ათავისუფლებენ და პრემიერ-მინისტრები ტოვებენ თავიანთ პოსტებს კორუფციის ბრალდებით, როდესაც ამ საქმის მიმართ ასეთი აჟიოტაჟია და ხელისუფლების მთელი წრეები არიან შეკრულები ერთი კონკრეტული თავისუფალი მედიის დირექტორის წინააღმდეგ  ეს არის ძალიან სამარცხვინო. სამარცხვინოდ ჩაიწერება ეს ქართული თუნდაც ჰიბრიდული დემოკრატიის ისტორიაში,“-განაცხადა ქეთევან ენუქიძემ.

ნიკა გვარამიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაო და ქვეყნიდან გაუსვლელობა შეუფარდა. 

 

დღის ამბები