საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას არ იზიარებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, ადვოკატი პაატა შავაძე.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატმა, გასაუბრების დროს თქვა, რომ ის ამ გადაწყვეტილებას არ მიესალმება, რადგან ცვლილება მოსამართლეებს გადაწყვეტილების მიღების დროს ბევრ პრობლემას შეუქმნის.
„ვფიქრობ, მცირედის მოხმარებაც გარკვეულ ზიანს გვაყენებს. დაიწყეს უკვე საჯარო სამსახურებშიც გამოყენება გარკვეულწილად ასეთი საშუალებების, ზუსტად ალიბად აქვთ ეს გადაწყვეტილება. მე, რომ გითხრათ, რომ ძალიან მივესალმები ამ გადაწვეტილებას, უნდა მოგატყუოთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გახლავთ ეს, პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ როგორც ხედავთ, სახელმწიფომ შექმნა ამის დამატებით რეგულაციები, რათა ის ხვრელები ამოეღო, რა ხვრელებიც შექმნა თავის მხრივ ამ გადაწყვეტილებამ“, - განაცხადა შავაძემ.