ახალი პოლიტიკური მოძრაობა ქართულ პოლიტიკურ ველს სექტემბრიდან შეურთდება - ამის შესახებ ქვეყნის ყველაზე მდიდარმა ბანკირმა, გუშინ სოციალური ქსელის მეშვეობით განაცხადა.
მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ სპექტრში გაერთიანებით ოპოზიცია კმაყოფილია. მათი შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისგან რეპრესირებული ხაზარაძე, ”ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი ანგარიშგასაწევი ძალა გახდება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ფიქრობს, რომ თუ ხაზარაძის მიერ შექმნილი მოძრაობა ფართო საზოგადოებრივ ფენას მოიცავს, მაშინ ის პოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.
„თუ ეს იქნება ფულიანების პარტია, თუ ეს იქნება ბიზნესმენების პარტია, თუ ეს იქნება ისეთი პარტია, რომელიც მხოლოდ ბიზნესის ლობირებისთვის მოდიან, მაშინ ბუნებრივია, რომ მას ექნება ძალიან დაბალი პერსპექტივა. თუ ის ფართო საზოგადოებრივ ფენას მოიცავს, მას ექნება შანსი, რომ დაიკავოს ერთ-ერთი საკმაოდ კარგი ადგილი აი, ამ პოლიტიკურ სივრცეში,“- განაცხადა რომან გოცირიძემ.
ხაზარაძის მიერ პოლიტიკური მოძრაობის შექმნით კმაყოფილია „ევროპული საქართველოც“. პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლევან თარხნიშვილი დარწმუნებულია, რომ ხაზარაძის გუნდი ოლიგარქის ჩამოშორებასა და ქვეყნის პროდასავლურ კურსზე ორიენტირებული ძალა იქნება.
„ევროპული საქართველო“ მზადაა ითანამშრომლოს ნებისმიერ ოპოზიციურ ძალასთან, რომელიც ორ პირობას აკმაყოფილებს, ეს არის, მხარს უჭერს საქართველოს პროდასავლურ კურსს და მეორე, მისი მთავარი მიზანია, რომ ხელისუფლებას ჩამოაშოროს ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“. მე იმედი მაქვს, რომ მამუკა ხაზარაძის გუნდი სწორედ ამ ორი მიზნის მატარებელი იქნება,“- განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ალექსანდრე ბარამიძე ფიქრობს, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობა ხელისუფლებისთვის ანგარიშგასაწევი ძალა აღმოჩნდება.
„ხაზარაძე რასაკვირველია, იქნება ანგარიშგასაწევი ძალა და კარგია, რომ მამუკა ხაზარაძე არ შეეპუა ხელისუფლების მხრიდან შანტაჟს და პოლიტიკურ დევნას და უარი არ თქვა იმ გეგმაზე, რომ შემოსულიყო პოლიტიკაში, რაც მეტი ახალი პროდასავლური ძალა შემოვა პოლიტიკაში მით უკეთესი,“- განაცხადა ალექსანდრე ბარამიძემ.
ექსპერტი ნოდარ ხარშილაძე ამბობს, რომ ქართულ საზოგადოებაში ნებისმიერი პროგრესული ძალა, რომელიც ოლიგარქს ებრძვის, მისაღებია. თუმცა ექსპერტი აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველა ძლიერი მოთამაშის დისკრედიტაციაზეა ორიენტირებული.
„ანაკლიას ართმევენ, თიბისი წაართვეს, დაჭერას უპირებენ, გასაგებია, რომ შეავიწროვეს ადამიანი და მანაც მიხვდა, კარგი იქნებოდა, რომ უფრო ადრე მიმხვდარიყო... ჯერ ამ ეტაპზე სამოქალაქო მოძრაობაზეა საუბარი, მაგრამ ყველასთვის გასაგებია, რომ პოლიტიკური პარტიის შირმა იქნება, ამ სამოქალაქო მოძრაობას ფორმატი არ აქვს დღეს. ქართულ საზოგადოებაში ნებისმიერი პროგრესული ძალა, ვინც ებრძვის ოლიგარქს არის მისაღები. ბიძინა ივანიშვილის მიზანი ყოველთვის ის არის, რომ დამოუკიდებელი ძლიერი მოთამაშეები არ არსებობდნენ. ყველაფერს იხმარს ბიძინა ივანიშვილის, რომ დისკრედიტაცია გაუკეთოს და დაშალოს ეს ყველაფერი,“- განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.