18 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
"სატელიტი პარტიები იმ ზღაპრების ნაწილია, რის პროპაგანდასაც ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაწილი აკეთებს" - პრემიერი კოალიციური მთავრობის შექმნაზე 

ვისთან ითანამშრომლებს „ქართული ოცნება“ 2020 წლის არჩევნებისთვის და შექმნის თუ არა კოალიციას სატელიტ პარტიებთან - პრემიერ-მინისტრი არ გამორიცხავს, რომ "ქართული ოცნება" კოალიციას შექმნის, თუმცა ვისთან ამაზე არ საუბრობს. 

მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არ აპირებს სატელიტი პარტიების შექმნას და ამ თემით სპეკულირება ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაბიჯების ნაწილია.

კითხვაზე ითანამშრომლებს თუ არა „ოცნება“ პატრიოტთა ალიანსთან“, მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ საქართველოს აქვს გაცხადებული კურსი ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებით, ამიტომ მმართველ პარტია თანამშრომლობას მხოლოდ პროდასავლურ პარტიებთან გეგმავს.  

„სატელიტი პარტიები არის იმ ზღაპრების ნაწილი რის პროპაგანდასაც სამწუხაროდ ჩვენი ოპონენტების უპასუხისმგებლო ნაწილი აკეთებს. მე გავაკეთე ამის შესახებ ჩემი კომენტარი და ბუნებრივია ერთადერთი ვისზეც არის დამოკიდებული ეს არის ქართველი ხალხი რომელიც გააკეთებს არჩევანს შემდეგი არჩევნების დროს. ბუნებრივია როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე, ბუნებრივი ბარიერით რა თქმა უნდა იმის ალბათობა, რომ კოალიციური მთავრობა შეიძლება იყოს მნიშვნელოვნად იზრდება. ქართული ოცნება არასდროს ითანამშრომლებს დამნაშავე ძალასთან პირველი. და მეორე, ჩვენი გუნდისთვის, ჩვენი ქვეყნის ცივილიზაციური არჩევანი რომ საქართველოს აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი  არის აბსოლუტური პრიორიტეტი. აქედან გამომდინარე მომავალში ჩვენი თანამშრომლობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ ძალებთან, რომლებიც ამ სულისკვეთებას იზიარებენ,“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მინიშნებები, რომ "ქართული ოცნება" 2020 წელს ხელისუფლების შენარჩუნებას კოალიციური მთავრობით გეგმავს, რამდენიმე კვირის წინ ბიძინა ივანიშვილმაც გააკეთა. სავარაუდოა, რომ საარჩევნო ბარიერის მოხსნით "ქართული ოცნება" პარლამენტში მისი სატელიტების გაყვანას შეეცდება.

დღის ამბები