20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ დაკავებულ მოქალაქეებზე სამართალდამცავების მხრიდან მიმდინარე ზეწოლას, ბესიკ თამლიანის ადვოკატი, ვახტანგ იაშვილი ეხმაურება. ვახტანგ იაშვილი ამბობს, რომ მოწმეებსა და დაკავებულებზე ზეწოლა იმიტომ მიმდინარეობს, რომ რეალური მტკიცებულება გამოძიებას არ აქვს.
„არც კონკრეტული მტკიცებულებები აქვთ ამ საქმეში, რომელიც დაადასტურებდა, რომ რომელიმე ჯგუფს ძალადობრივი გზით უნდოდა შეღწევა პარლამენტში, თან გაუგებარია რისთვის უნდა შესულიყო იქ, სასესიო კვირები არ იყო, როგორც მახსოვს. რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური რეპრესიების ერთ-ერთი ელემენტი. როდესაც მოახერხებ და დაითანხმებენ ამა თუ იმ მოწმეს, ამა თუ იმ ბრალდებულს პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მტკიცებულებების მისაღებად, რა თქმა უნდა, ეს ფორმალურად ქმნის საფუძველს, ის ბრალდებების გამყარების“, - განაცხადა ვახტანგ იაშვილმა.
20 ივნისის ღამეს დაკავებულების ოჯახის წევრების ინფორმაციით, სამართალდამცავების მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობს, რათა დაკავებულებმა ხელი დაადონ ერთერთ ოპოზიციურ ლიდერს, თითქოს მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება.