18 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
პირდაპირი შესყიდვის წესით გაფორმებული 400 ათას ლარიანი ხელშეკრულება თელავის სკოლების რეაბილიტაციისთვის - ოპოზიცია კორუფციულ სქემაზე საუბრობს 

კორუფციის სავარაუდო სქემა, რომელიც ოპოზიციამ გაშიფრა - საუბარია თელავის სკოლების რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერზე, რომელიც მალევე ჩაიშალა, რის შემდეგაც ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიებთან მერიამ პირდაპირი წესით გააფორმა.

12 სკოლის რეაბილიტაციისთვის ტენდერი თელავში 10 ივნისს გამოცხადდა. 16 ივლისს სატენდერო კომისიამ მოულოდნელად გადაწყვეტილება შეცვალა და ტენდერი ჩაშალა, 12 სკოლასთან დაკავშირებით სიტყვა სიტყვით ერთი და იგივე დასკვნა დაწერა და ტენდერის ჩაშლის იდენტური მიზეზი დაასახელა. მალევე ვადების სიმჭიდროვის გამო კი ხელშეკრულებები სამშენებლო კომპანიებთან გამარტივებული წესით გააფორმა.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი 400 ათასი ლარიდან, სკოლების რეაბილიტაციას ნახევარიც არ ხმარდება და თანხის დიდ ნაწილს სამშენებლო კომპანიები ითვისებენ, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" ასოცირდებიან. 

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება თავისი ხელმოწერით დაადასტურა თელავის მერმა. ის ყველაფერს საპროექტო კომპანიას აბრალებს.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კომპანიები, რომლებსაც ტენდერის გარეშე ფული ჩაურიცხეს და სკოლების ტუალეტების რემონტი დაავალეს ნაცნობობით შეირჩა. კომპანიების მფლობელების უმეტესი ნაწილი „ქართულ ოცნებასთან“ არის დაკავშირებული.

სამუშაოების ჩასატარებლად თელავის მასშტაბით ათზე მეტი კომპანია შეირჩა, თუმცა რის მიხედვით უცნობია.

სამუშაოები 12-ვე სკოლაში 10 სექტემბერს უნდა დასრულდეს, თუმცა, რამდენიმე ლოკაციაზე მისვლის დროს, „კურიერის“ გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია, რომ სამუშაოს დაწყება გვიანდება.

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ანალოგიური მდგომარეობაა კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში.

დღის ამბები